მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა - ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირი რიცხვებში

თურქმენეთი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, მრავალწლიან ურთიერთობათა მეგობრულ ხასიათს. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო - ლოგისტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრა გაიმართა ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში.

ვაჭრობა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 11.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ფაქტობრივად წინა წლის საანგარიშო პერიოდის ანალოგიური მაჩვენებელია. ($11.09 მლნ).

მიმდინარე წელს, 11.5 მლნ-დან 9.3 მლნ იმპორტი იყო, 2.2 მლნ კი, ექსპორტი.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი 2024 წელს:

  1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $728.9 ათასი;
  2. ორთოპედიული სამარჯვები (სხეულის ხელოვნური ნაწილები) - $450 ათასი;
  3. ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან გამხმარი - $329.9 ათასი;
  4. მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - $196.9 ათასი;
  5. სპირტიანი სასმელები - $157 ათასი.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $8.2 მლნ;
  2. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $395.6 ათასი;
  3. ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - $223.4 ათასი;
  4. ბაკნები, პირსაბანები და ანალოგიური სანიტარულ-ტექნიკური ნაწარმი კერამიკისაგან - $115.7 ათასი;
  5. სატვირთო ავტომობილები - $109.8 ათასი.

გასულ წელს, საქართველო-თურქმენეთის შორის სავაჭრო ბრუნვამ 100.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 84.7%-ით ნაკლებია. ოფიციალური მონაცემებით კი, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაქსიმუმი 216.6 მლნ აშშ დოლარი 2021 წელს დაფიქსირდა.

FDI

თურქმენეთიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მწირია. ყველაზე მეტი ინვესტიცია 2019 წელს ჩაიდო და მხოლოდ 3.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2023 წელს კი, ინვესტიციამ ნახევარი მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 60.7%-ით ნაკლებია.

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2023 წელს საქართველოს თურქმენეთის 13 179 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 228.2%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე. პანდემიამდელ 2019 წელზე კი 3.9%-ით ნაკლები.

ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით თურქმენეთიდან ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ნულოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები