აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებას აფასებს, რომელმაც ანაკლიის პორტში ჩინელი ინვესტორის შემოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჩინეთი ამ პროექტში ჩართული არ უნდა იყოს. კობახიძის თქმით, საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ფუნქციას აძლიერებს და ო'ბრაიენს, სავარაუდოდ, არასწორი ინფორმაცია აქვს.
"როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ჩინელი ინვესტორების მოზიდვაზე ანაკლიის პროექტისთვის, მე არ მახსენდება ასეთი განცხადებები. რაც შეეხება ჩვენს ხედვას, საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია: დამაკავშირებელი ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის. იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღიდგინოს, იმისთვის, რომ გაძლიერდეს ის შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ კუთხით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინურ ტვირთებზე იქნება დიდწილად ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, მე არ მესმის რა არის ამ განცხადების საფუძველი. როგორც ჩანს, რაღაც არასწორ ინფორმაციას ფლობს", - განაცხადა კობახიძემ.
თავის გამოსვლაში ო'ბრაიენმა საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიისთვის მათი თავიდან არიდების გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და რუსული კანონის გაუქმებაა. კობახიძემ სახელმწიფო მდივნის მოადგილის ეს განცხადება შანტაჟად შეაფასა.
"ჩვენ ამ ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ დავამკვიდრეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა. მანამდე გახსოვთ, რომ ქვეყანაში ტოტალურად ყალბდებოდა არჩევნები, 2012 წლის შემდეგ კი დამკვიდრდა სრულიად განსხვავებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მით უმეტეს, რომ ინერგება ახალი ტექნოლოგიები, საქართველოს ისტორიაში არჩევნები პირველად ჩატარდება ელექტრონული წესით, ასევე რეგისტრაციას გაივლიან ამომრჩევლები ელექტრონული წესით, ხმები დაითვლება ელექტრონულად - ანუ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება საარჩევნო პროცედურები.
რაც შეეხება შანტაჟის ენით საუბარს, ეს არის კონტრპროდუქტიული. მინდა შეგახსენოთ, რომ 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს ჰქონდა უმძიმესი პრობლემები, ქვეყანაში დამყარებული იყო სააკაშვილის “ნაცმოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმი, როდესაც პატიმრებს აწამებდნენ, როდესაც სასამართლო თავიდან ბოლომდე ექვემდებარებოდა სააკაშვილი-ადეიშვილის კლანს, მედიამაუწყებლებს იტაცებდნენ პირდაპირი მნიშვნელობით, მაშინ არ უსაუბრია არავის სანქციებზე და პირიქით, მაშინდელი ხელისუფლება ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კითხვები საზოგადოების მხრიდან უნდა დაისვას. რა თქმა უნდა, არ არის სწორი შანტაჟის ენით საუბარი, მით უმეტეს იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ის ვითარება, რომელიც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ", - განაცხადა კობახიძემ.