მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shaori Chalet-ი ობიექტებს ამატებს - რას მოიცავს შაორის ტბაზე მოცურავე კოტეჯის გაფართოების გეგმა

61adf32b8c9b2
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.21 22:00
1314
შაორის ტბაზე მოცურავე ტურისტული ობიექტი Shaori Chalet-ი მომხმარებელს დროებით, გაზაფხულამდე დაემშვიდობა, თუმცა ახალი ტურისტული სეზონიდან სტუმრებს სიახლეებით დაუბრუნდება.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ იაშვილის აცხადებს, რომ 2022 წლიდან შაორის ტბაზე სტუმრებს არა ერთი, არამედ უკვე სამი კოტეჯით უმასპინძლებს.

„კოტეჯების დამატების პროექტის ვიზუალური და არქიტექტურული ნაწილი დავასრულეთ. საქართველოს სალიზინგო კომპანიაში შეგვაქვს განაცხადი და დაველოდებით პასუხს. პროექტის ინვესტირებაზე შემოთავაზებები გვქონდა, თუმცა პირობები ჩვენთვის არასახარბიელო აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენი ბიზნესის პირადი ფინანსური რესურსით განვითარება გადავწყვიტეთ“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

მისი ინფორმაციით, დღეს უკვე არსებული კოტეჯის სრულად მოწყობისთვის მათ 50 000 ლარის ინვესტიცია ჩადეს, რაც შიდა კომუნიკაციებსა და საჭირო ინვენტარსაც მოიცავდა, თუმცა არსებული კოტეჯისგან განსხვავებით, ახალი კოტეჯების პროექტის დეტალები შეცვლილია. ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჯგუფი ფინანსურ ნაწილზე მუშაობს, რის გამოც გაფართოების პროექტის ღირებულებას ვერ აზუსტებს.

„ახალი კოტეჯები 22 კვ.მ-ის ფართობის იქნება, ნაცვლად არსებული 13 კვ.მ-ისა. ამასთან ახალი კოტეჯი სწორი გადახურვით კეთდება, რადგან ჩვენი მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა აივანზე დიდი იყო და შესაბამისად, სახურავს აივნად გამოვიყენებთ. ამასთან ვგეგმავთ, რომ კოტეჯებში დამატებითი ენერგიის წყაროდ მზის პანელები გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ვახტანგ იაშვილმა.


ცნობისთვის, რაჭაში, შაორის ტბაზე წყალზე მოცურავე კოტეჯმა სტუმრების მიღება 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყო. მიმდინარე წელს კოტეჯმა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი 220-მდე დამსვენებელი მიიღო. საჭირო ინვენტარით წყალზე მოცურავე კოტეჯი სტუმრებს განსხვავებულ დასვენებას სთავაზობს, რომლის ღირებულება დღიურად ორ ადამიანზე 400 ლარია. კომპანიის ხელმძღვანელი პროექტის გაფართოებას 2021 წლიდან გეგმავდა, თუმცა პანდემიური მდგომარეობის გამო გეგმები შეიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები