მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაორის ტბაზე მოცურავე კოტეჯი Shaori Chalet-ი დროებით იხურება - მიზეზები

61ade22a4c245
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.21 20:45
6598
რაჭაში, შაორის ტბაზე მოცურავე დასასვენებელი კოტეჯი Shaori Chalet-ი დროებით იხურება - ამის შესახებ ტურისტული ობიექტის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი ოპერირებას გაზაფხულიდან განაახლებს.

BM.GE დაინტერესდა რა გახდა Shaori Chalet-ის დახურვის მიზეზი და ხომ არ უკავშირდება ეს სეზონურობას, რაზეც კომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კლიმატური პირობებია.

„შაორის ტბა ზამთარში იყინება და ამ მომენტისთვის კოტეჯი ტექნიკურად ისე არ არის გამართული რომ ყინულის ზედაპირზე დავტოვოთ. მინდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა ამ სირთულეების გამო გაზაფხულამდე ვაჩერებთ მუშაობას“, - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

40 000 ლარის ინვესტიციით, 2020 წლის შემოდგომაზე ამოქმედებული წყალზე მოტივტივე კოტეჯმა უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების ყურადღება პირველივე წელს მიიპყრო. კოტეჯი გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერშიც აქტიურად იღებდა სტუმრებს. Shaori Chalet-მა მიმდინარე წლის მსგავსად გასული წლის ზამთრის სეზონზეც შეაჩარე მუშაობა, 2021 წელს კი ტურისტულმა ობიექტმა მომხმარებლის მიღება მაისიდან განაახლა.

ვახტანგ იაშვილის თქმით, ზაფხულის თვეებში ის სრული დატვირთვით მუშაობდა. მიმდინარე წლის 26 მაისის შემდეგ კოტეჯმა ჯამში 220 სტუმარი მიიღო, აქედან დაახლოებით 70% უცხოელი, ხოლო 30% ადგილობრივი დამსვენებლები იყვნენ. პანდემიის და აკრძალვების პირობებში რაჭის მიმზიდველ ტურისტულ ადგილს ტურისტები ძირითადად არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან სტუმრობდნენ. ახალი ობიექტით ინტერესდებოდნენ ბლოგერები, ფოტოგრაფები და ინფლუენსერები. აღსანიშნია, რომ წყალზე მოტივტივე კოტეჯში ერთი ღამის გატარების ღირებულება ორ პერსონაზე საუზმით 400 ლარია.

ვახტანგ იაშვილი საუბრისას აღნიშნავს, რომ პაუზის პერიოდს კომპანია პროექტის განვითარების გეგმების განხორციელებისთვის გამოიყენებს და ახალი სეზონიდან Shaori Chalet-ი სტუმრებს ახალი სივრცეების შეთავაზებას შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები