საქართველოში შაქრის იმპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში 4,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 7320 ტონა შაქარი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 3,6 მლნ აშშ დოლარის 5893 ტონა შაქრის იმპორტი დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემები ცხადყოფს, რომ ზრდა არის როგორც მოცულობის, ასევე გადახდილი თანხის კუთხითაც. თუმცა, საშუალო საიმპორტო ფასი შაქარზე შემცირებულია დაახლოებით 10%-ით.
"თემქაზე შაქრის ფასზე 5-თეთრიანი განსხვავება სენსიტიურად მოქმედებს, ვაკეში - არა" - "უნივერსამის" დამფუძნებელი
მიმდინარე წელს შაქრის დიდი ნაწილის იმპორტი პოლონეთიდან დაფიქსირდა, შემდეგ ადგილზეა ბელგია და ნიდერლანდები. გასულ წელს კი, პირველ ადგილზე საფრანგეთი იყო, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე - რუსეთი და უკრაინა, თუმცა, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან შაქრის ნულოვანი იმპორტი გვაქვს, უკრაინიდან კი უმნიშვნელო რაოდენობა.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის თანახმად, შაქრის იმპორტმა 79,8 მლნ აშშ დოლარი და 145 503 ტონა შეადგინა. ეს მონაცემები 2024 წელს შემდეგნაირი იყო: 87.6 მლნ აშშ დოლარი და 135 233 ტონა. გამოდის შაქრის საიმპორტო საშუალო ფასი 2025 წელს 2024 წელთან შედარებითაც 15%-ით შემცირებულია.
შაქრის მთავარი საიმპორტო ქვეყნები 2025 წელს:
- ბრაზილია - 22,3 მლნ აშშ დოლარი; 48 500 ტონა
- საფრანგეთი - 17,1 მლნ აშშ დოლარი; 28 968 ტონა
- პოლონეთი - 16,8 მლნ აშშ დოლარი; 29 240 ტონა
- ნიდერლანდები - 10, 2 მლნ აშშ დოლარი; 16 739 ტონა
- ბელგია - 4,6 მლნ აშშ დოლარი; 7 870 ტონა
- უკრაინა - 3,9 მლნ აშშ დოლარი; 7 253 ტონა
- გაერთიანებული სამეფო - 1 მლნ აშშ დოლარი; 1507 ტონა
- გერმანია - 1 მლნ აშშ დოლარი; 1662 ტონა
- შვეიცარია - 736 300 აშშ დოლარი; 1244 ტონა
- რუსეთი - 733 500 აშშ დოლარი; 1080 ტონა
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობამ შაქრის იმპორტზე გასული წლის აპრილში გადასახადი დააწესა. კერძოდ, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით იბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით. დადგენილება 2025 წლის 22 აპრილიდან ამოქმედდა და ძალაში 2026 წლის 22 აპრილამდე იქნება. როგორც მაშინ ეკონომიკის სამინისტრომ bm.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში განმარტა, მიზანი ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის, შაქრის ფასის სტაბილიზაციის და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა.
რაც შეეხება შაქრის ექსპორტს, გასულ წელს ზრდა თითქმის ასმაგი იყო. კერძოდ, 2025 წელს ჯამში საქართველოდან 3,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6980 ტონა შაქარი გავიდა, 2024 წელს კი შაქრის ექსპორტი მხოლოდ 35 300 აშშ დოლარი და 48 ტონა იყო. გასულ წელს საქართველოსთვის შაქრის მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო, სადაც ქვეყანამ $3.5 მლნ-ის ღირებულების 6 979 ტონა შაქარი გაყიდა. ძალიან მცირე მოცულობები კი დაფიქსირდა სომხეთში.




























