მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შაქრის წარმოებას ძალიან სერიოზულად ავაღორძინებთ - ნათია თურნავას პასუხი bm.ge-ს

5e8da78f77ed5
თელარა გელანტია
08.04.20 14:27
2718
„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს, არა მაინც და მაინც კონკრეტულ კომპანიას - „აგარის შაქრის კომბინატს“, არამედ ადგილობრივი წარმოებას“ - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

საქმე იმაშია, რომ „აგარის შაქრის კომბინატის“ ამუშავების დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მისცა და ნათია თურნავამ იმავე დღეს პირობა დადო, რომ ქარხანა 2 თვეში ამოქმედდებოდა. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ „აგარის შაქრის“ ქარხანა გასული წლის მარტში დაიხურა და მენეჯმენტმა ბაზარზე არსებული კონკურენცია დაასახელა, bm.ge-მ ეკონომიკის მინისტრს დეტალების დაზუსტება თხოვა.

Bm.ge: როგორ აპირებს მთავრობა, აამუშაოს ქარხანა, რომლის მენეჯმენტი გასულ წელს აცხადებდა, რომ მუშაობა ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო შეაჩერეს, რადგან იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევდნენ; ასევე, მთავრობა რაიმე ტიპის შეღავათების დაწესებას აპირებს ქარხნისთვის? და თუ ამას აპირებთ, ეს სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ხომ არ ჩააყენებს „აგარის შაქარს“?

ნათია თურნავა: „მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს, არა მაინც და მაინც კონკრეტულ კომპანიას - „აგარის შაქრის კომბინატს“, არამედ ადგილობრივი წარმოებას და ეს ერთ-ერთ იმ დარგთაგანია, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად განვავითარებთ და ავაღორძინებთ, ვინაიდან საკუთარი რესურსით მაქსიმალურად შევძლოთ საუთარი ბაზარი მოვამარაგოთ ყველგან, სადაც ეს უპრიანია. შაქრის წარმოება არის ასეთი დარგი. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ დავეხმარებით „აგარის შაქრის“ კომბინატს, ამით ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც საქართველოში აწარმოებს შაქარს, იგივე პირობებს მიიღებს. ამ ეტაპზე ეს არის „აგარის შაქრის კომბინატი“, რომელიც ყველაზე მეტად მზად არის და პრაქტიკულად, 2 თვეში შეძლებს, რომ დაიწყოს წარმოება. თუკი რომელიმე სხვა კომპანია იქნება მზად ამისთვის, ჩვენ იგივენაირად დავუდგებით მათ გვერდში სხვადასხვა მექანიზმით.“

გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკოფერენციაზე მინისტრებს პრეს-სამსახურის საშუალებით წინასწარ ვუგზავნით კითხვებს, bm.ge-ის არ ჰქონდა დამატებითი კითხვების დასმის საშუალება, მათ შორის იმაზეც, თუ რა იგულისხმა მინისტრმა „სხვადასხვა მექანიზმში“, თუმცა თემაზე მუშაობას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები