"ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც შარშან დაანონსდა, ჯერ მისი მშენებლობაც არც დაწყებულა”, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "რედაქტ2" „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის”აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.
საქმე ისაა, რომ გასულ წელს, არსებული 91 მილიონი დოლარიდან 40 მილიონ დოლარამდე შემცირდა ინვესტიციები ვაჭრობაში. სულ 2 სექტორი იყო სადაც ინვესტიციები გაზრდილია, ერთი სექტორი ენეგეტიკაა, მეორე კი, უძრავი ქონების სექტორია, სადაც 19.4 მილიონი დოლარი ინვესტიციები შემოვიდა წინა წლის 14.2 მილიონი დოლარის ნაცვლად.
როგორც „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია”, აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ყარალაშვილი ეთერში ამბობს, ტენდენცია საგანგაშოა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადად რაღაცას არასწორად ვაკეთებთ.
„ეს ტრენდი რეალურად საგანგაშოა და მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადად რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. რეალურად, ინვესტიციები არის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავს. ვხედავთ, რომ ეს ტრენდი არის ძალიან დაღმავალი და ასეთი დაბალი ნიშნული ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ხაზგასასმელია, რომ ლომის წილი არის რეინვესტირება, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს, იმას, რომ იმ ბიზნესებმა, რომლებიც საქართველოში იყვნენ, უბრალოდ იმის მაგივრად, რომ დივიდენდად გაეცათ, რესურსები საკუთარ ბიზნესში ჩაატრიალეს. მაგრამ, ესეც არ არის რაღაც ახალი პროექტი ან ახალი თემა. ეს ტრენდი თითქმის წელიწად-ნახევარია დაიწყო. ვიღაცა შეიძლება სანქციებს ვიზის შეზღუდვას ეძახის, რომ ამერიკაში არ წავა. მაგრამ, ეს უფრო ფართო და დიდი პრობლემაა, როდესაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი თუ ბიზნესმენები შეიძლება სანქციის რისკის ქვეშ იყვნენ. ეს რა თქმა უნდა სიგნალია იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ნდობა დღეს აღარ შეიძლება.
ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც შარშან დააანონსდა, ჯერ მისი მშენებლობაც არ დაწყებულა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროექტი რაიმე ფორმით მაინც განხორციელდება. ხოლო მიმდინარე პროექტები, რაც არის, ვართ ე.წ. სტატუსკოს შენარჩუნების პროცესში, რაც იმას გულისხმობს, რომ საოპერაციო კუთხით ეს ბიზნესები არის სტაბილური და არანაირ ექსპანსიაზე საუბარი ამ პროექტში აღარ იქნება. სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით საკმაოდ კარგი ტრენდი იყო, როდესაც ევროპულ ინტეგრაციაზე ვლაპარაკობდით. რეალურად, ეს ყველაფერი ბოლო პერიოდში, ეს იქნება „რუსული კანონის“ შემოტრიალება და მსგავსი ქმედებები, საფრთხის ქვეშ დადგა“,- განაცხადა „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის”, აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისი ცნობით, ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს ნათელი სიგნალები, რათა პარტნიორებს უთხრან, რომ საქართველო ევროპული კურსიდან არ უხვევს.
„რა თქმა უნდა მივესალმები, რომ ქვეყანაში ჩინური ინვესტიციებიც შემოვიდეს, მაგრამ ამ ტიპის ქმედებას დაბალანსება და უფრო მეტად გააზრებული საინვესტიციო პოლიტიკა სჭირდება ამას, თუმცა ვერ ვხედავთ, რომ ამაზე ვინმე მუშაობდეს.
ანაკლიის პორტს რაც შეეხება, ეს პროექტი მინიმუმ 4 წლის წინ უნდა ამოქმედებულიყო და ეს პროექტი თავის დროზე რომ ამოქმედებულიყო, წარმომიდგენია რამხელა სარგებლის მიიღებდა შეეძლო ქვეყანას. ე.წ. შუა კორიდორი, საერთოდ ტოპ საკითხია დღეს და ძალიან აქტუალურია, თუმცა ამასაც ძალიან მოუმზადებლები შევხვდით, რაღაც პოლიტიკური თუ სხვა მიზეზების გამო. ჩინეთი არის ძალიან მსხვილი მოთამაშე, თუმცა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, ამ დიდ მოთამაშეებთან ურთიერთობას ბალანსური მიდგომა სჭირდება, რასაც ასრულებდა ევროპა და ა.შ. ამ პარტნიორების გარეშე ჩვენ შეიძლება ჩიხში შევიდეთ“,- ამბობს ლევან ყარალაშვილი.