2024 წელს საქართველო ელექტროენერგიის ნეტო იმპორტიორი იყო. შარშან ქვეყანამ დაახლოებით 1.2 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, ექსპორტზე კი 1.04 კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა. დენის ექსპორტი 2023 წელთან შედარებით თითქმის 29%-ით არის შემცირებული. კვლევითი ორგანიზაცია OMNIA-ს ინფორმაციით, შარშან საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი განახლებად ენერგიებზე მოდიოდა. 14.2 მილიარდი კვტ.სთ-დან მხოლოდ 2.8 მილიარდი გამოიმუშავეს თბოსადგურებმა, დანარჩენი კი ჰესები იყო. ტრადიციულად მცირეა ერთადერთი ქარის სადგურის წილი ელექტროენერგიის გენერაციაში, რომელიც შარშან კიდევ უფრო 77.6 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა. გამომუშავებას ტრადიციულად გადააჭარბა მოხმარებამ და 2024 წელს ქვეყანამ 15 მილიარდ კვტსთ-ზე მეტი დენი მოიხმარა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ტრანზიტს, შარშან საქართველოს გავლით ელექტროენერგიით ვაჭრობამ ოქტომბრამდე გასტანა. ჯამში ტრანზიტმა 2024 წელს 1.1 მილიარდ კვტ.სთ-ი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 69%-ით არის შემცირებული, ამის მიზეზია სავარაუდოდ, თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასის კლება, რის გამოც აზერბაიჯანმა თურქეთში ნაკლები ელექტროენერგია გაყიდა.




























