მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა - TI

ჩინეთი

შარშან საქართველოში რეკორდული რაოდენობის 291 ახალი ჩინური კომპანია დარეგისტრირდა. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, რომელიც საქართველოში ჩინეთის მზარდ გავლენებს ეხება, მათ შორის ეკონომიკის სფეროში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1893 კომპანია დაარეგისტრირეს (2013-2024 წლებში), რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2013 წლამდე იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება სხვა სფეროებს, 2012 წლის შემდეგ ჩინეთთან წლიური სავაჭრო ბრუნვა 3-ჯერ გაიზარდა და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2024 წელს ჩინეთი იყო საქართველოს სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი, რომელზეც მთლიანი ვაჭრობის 8.2% მოდიოდა.

2024 წელს ჩინეთს და საქართველოს შორის ტურისტული ვიზები გაუქმდა, რის შედეგადაც ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტები 83%-ით გაიზარდა და 89 ათასს მიაღწია. ასევე, შესამჩნევად გაიზარდა ჩინეთის ავიახაზების ფრენები საქართველოში.

TI-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ასევე წერია, რომ საქართველოში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინური კომპანიების, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიერ ხორციელდება. ანაკლიის პორტის პროექტის გარდა, ჩინური მხარე ვაზიანში, სადაც ბოლო პერიოდამდე ნატოს სამხედრო სწავლებები ტარდებოდა, ახალი აეროპორტის განვითარებით დაინტერესდა. ჩინეთის ელჩის თქმით, პროექტისადმი ინტერესი არაერთმა ჩინურმა კომპანიამ გამოიჩინა.

ასევე გაიზარდა თანამშრომლობა საფინანსო სექტორშიც. 2025 წლის მარტში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ორი ცენტრალური ბანკი შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ მონეტარული პოლიტიკის საკითხებში და გაცვალონ ინფორმაცია და ექსპერტიზა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფინანსური ტექნოლოგიები, გადახდის სისტემები და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

შეთანხმება ასევე მოიცავს ერთობლივი პროექტების განხორციელების გეგმებს და ორ ქვეყანას შორის საბანკო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას. ძირითადი აქცენტი იქნება გადახდის ინფრასტრუქტურის განვითარება და მოდერნიზაცია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გადახდის სისტემების ურთიერთდაკავშირების გაძლიერებას, რათა მოხდეს უფრო სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო საერთაშორისო ტრანზაქციები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე „ქართული ოცნება“ ჩინეთთან ურთიერთობას აძლიერებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები