შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროდან დაახლოებით 40 კილომეტრში, სფინტუ-გეორგეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, კომერციულ გემს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ის ჩაიძირა. რუმინეთის საზღვაო ადმინისტრაციის ცნობით, ჩაძირული ხომალდი დომინიკელთა რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი PROGRESS IV იყო.
არსებული ინფორმაციით, რუმინეთის სანაპირო დაცვის ოპერატიული ჩარევის შედეგად ეკიპაჟის 12-ვე წევრის გადარჩენა მოხერხდა, საიდანაც ერთი ადამიანი დაშავებულია. რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ ინციდენტი ქვეყნის ტერიტორიული წყლების მიჯნაზე, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა, ხოლო შემთხვევის ზუსტი გარემოებების დადგენამდე სპეკულაციებისგან თავის შეკავებაა აუცილებელი.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სანაპირო დაცვამ განგაშის სიგნალი დაახლოებით 19:00 საათზე მიიღო, მას შემდეგ, რაც სავაჭრო ხომალდზე ხანძრის გაჩენის შესახებ გახდა ცნობილი. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ოფიცრებთან ერთად მიმდებარე აკვატორიაში მყოფი სხვა კომერციული გემის ეკიპაჟიც ჩაერთო, რომელმაც წყალში მყოფი ორი მეზღვაურის ამოყვანა შეძლო.
ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, ფაქტზე გამოძიებას რუმინეთის შესაბამისი უწყებები აწარმოებენ.




























