მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ ზღვაში ინტერნეტ-კაბელის გაყვანა იგეგმება - "საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შანსი აქვს"

625d590c6f1f6
სალომე მეცხვარიშვილი
19.04.22 00:12
6166
შავ ზღვაში კიდევ ერთი დიდი პროექტის განხორციელება იგეგმება. ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი უნდა აშენდეს. მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა ჩატარდება, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

თუ პროექტი განხორციელდა, ეს ნიშნავს, რომ 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი საქართველოდან რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს. მსოფლიო ბანკის თანახმად, პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება უკვე ჩატარებულია, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური ამბობს, რომ რუმინეთთან დამაკავშირებელი ახალი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობა საქართველოს აძლევს შანსს, გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში და საქართველოში ძალიან სწრაფად იზრდება ინტერნეტის მოხმარება, ამიტომ ინტერნეტის მიერთების დამატებითი წერტილების არსებობა, განსაკუთრებით ევროპასთან, მნიშვნელოვანია.

“ინტერნეტთან მიერთება გვაქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ევროპასთან ჩვენი მიერთება არის ფოთი - ვარნას მიმართულებით. ასევე გვაქვს მიერთება ლარსში რუსეთთან, ოკუპანტ მეზობელთან მიერთებაა ფოთი-ნოვოროსისკის მეშვეობითაც. გვაქვს მიერთება აზერბაიჯანთან და სომხეთთან 2-2 ადგილას, ასევე თურქეთთან სარფსა და ვალეში. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ მიერთების შესაძლებლობები გამოყენებულია”,- აცხადებს უჩა სეთური.

მისივე თქმით, ინტერნეტის, როგორც სტრატეგიული ობიექტის, მნიშვნელობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც საუბრობს. აქედან გამომდინარე უჩა სეთური წყაროების დივერსიფიკაციაზე აკეთებს აქცენტს. მისი განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთთან მიერთებები მაქსიმალურად შემცირდეს, ხოლო ტრანზიტმა, რომელიც ჩრდილოელ მეზობელზე გადიოდა, გადმოინაცვლოს საქართველოზე.

“ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მეშვეობით გავატაროთ ინტერნეტ ტრაფიკები, მათ შორის ინდოეთის, ჩინეთის მიმართულებით”,- აცხადებს უჩა სეთური.

მისივე თქმით, კაბელის საქართველოზე გავლით ქვეყანას ეხსნება შესაძლებლობა უმსხვილესი კომპანიები შემოვიდნენ, რომლებიც ახლა თურქეთში არიან წარმოდგენილი.

“ამდენი ხანი გავიდა, რაც ევროპასთან მიერთებული ვართ და გიგანტი ოპერატორები, რომლებიც სტამბოლში არიან წარმოდგენილი, ვერაფრით შემოვიდნენ რეგიონში. კარგია, რომ აქამდე არ შევიდნენ არც ჩვენს მეზობლებთან. ახლა ჩნდება იმედი, რომ კაბელის აშენების შემდეგ შემოვლენ საქართველოში”,- აცხადებს უჩა სეთური.

მისივე თქმით, თანხის არსებობის შემთხვევაში კაბელის მშენებლობა, 7-8 თვეშიც არის შესაძლებელი, ქსელის მშენებლობა კი შავი ზღვის ქვეშ 70-80 მლნ ევროზე მეტი არ უნდა დაჯდეს. კითხვაზე, ვინ უნდა იყოს კაბელის მესაკუთრე და მმართველი - სახელმწიფო თუ კერძო კომპანია, სეთური პასუხობს, რომ საუკეთესო იქნებოდა, თუ კაბელს მართვაში კერძო კომპანიას გადასცემენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები