„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, 2024 წლის 15 მაისს საქართველოში გამართული მე-7 მინისტერიალის გადაწყვეტილების შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერა აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორებთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი განსაზღვრავს საერთო თანამშრომლობის ჩარჩოს ბუქარესტში ერთობლივი საწარმოს შექმნისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად, რამაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას.
შეხვედრაზე განიხილეს ოთხი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საწარმოს შექმნის პროცედურული და ტექნიკური დეტალები.
„მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირებას საქართველოდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი.
უნდა აღინიშნოს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა საქართველოს ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაიწყო და ის 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ივლისამდე გადაიდო. კვლევას იტალიური ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია CESI ამზადებს.
თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ლევან დავითაშვილი პროექტს ასე აფასებს: „ვფიქრობ, რომ ეს პროექტი, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ ბუქარესტში დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს“.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან. ამასთან, მემორანდუმის გაფორმებისას ითქვა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირს მწვანე ენერგიას მიაწვდიდა, თუმცა არსებული მდგომარეობით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გამომუშავება 95%-ით საწვავ რესურსებზე არის დამყარებული, ხოლო მზის და ქარის ენერგიის ათვისებას აზერბაიჯანი მხოლოდ ახლა იწყებს. ასევე, მკაფიოდ განსაზღვრული არაა, როდის შევა ამ მიმართულებით ახალი სიმძლავრეები ძალაში.