მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შავი ზღვის კაბელი სტრატეგიული პროექტია, რომელიც ენერგოუსაფრთხოებას მოუტანს საქართველოს, რეგიონსა და ევროპას"

642ed5b3700ef
BM.GE
06.04.23 18:40
497
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უაღრესად სტრატეგიული პროექტია, რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მოუტანს არამხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართოდ - სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროპას“, - განაცხადა დღეს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა, რომელიც წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით თბილისში ჩატარებულ ოთხი ქვეყნის მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო.

ღონისძიებაში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთავრობათა მაღალი რანგის პირებმა მიიღეს მონაწილეობა - უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორმა ჯავიდ აბდულაევმა და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ ნიკულესკუმ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა პროექტისადმი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მოხარულია, მონაწილეობდეს ღონისძიებაში, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტის განხორციელების საკითხებზე მუშაობს.

„ვფიქრობ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი პროექტი, რომელიც განახლებად ენერგიას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, და იმედია, მალე სომხეთიდანაც, ევროპაში შემოიტანს, დიდ სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს და უზრუნველყოფს ძალიან ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები