საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახალი არჩევნები გაიმართება, თუმცა როდის და როგორ ამას ვერ იტყვის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან - კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ ჩართულობისა და აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მათი დაგროვილი გამოცდილება არსად დაიკარგება.
„მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ რეალურად, თქვენ იყავით ძალიან უსამართლო ბრძოლაში ფრონტის ხაზზე და იყავით ის ჯარი, რომელიც ჩვენს ხმებს იცავდა.
მე ვიტყოდი, რომ ახალი მტკიცებულებები ნამდვილად არ არის საჭირო იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ვნახეთ, ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ ამ არჩევნებში ყველაზე მთავარი პრინციპები დაირღვა და არ შედგა არჩევნები, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის პირველადი მტკიცებულება, რაც არის თქვენი პირადი - რაც ნახეთ, რაც დაწერეთ და რაც ვერ დაწერეთ და შეინახეთ.
თუ გადახედავთ დღევანდელ დარბაზს, დარწმუნდება იმაში, რომ ამდენი სხვადასხვა ფორმით, ამდენი სხვადასხვა გამოცდილება არის ის, რაც საფუძველს უქმნის ყველა იმ მტკიცებულებას, რაც პირველი დღიდან გვაქვს.
თქვენ ხართ ის ცოცხალი მოწმეები, რომლებიც არსად წავლენ და რომლებიც დარჩებიან, როგორც ყველაზე მთავარი მტკიცებულებები. თქვენი გამოცდილება არსად დაიკარგება, რადგან შედგება ახალი არჩევნები, როდის და როგორ, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ იქნება არჩევნები, რადგან ეს არჩევნები არ შედგა და ამას არავინ შეეგუება, ამიტომ, თქვენი ხვალინდელი ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც ხვალინდელ არჩევნებში ყველაზე კარგად დაიცავთ ჩვენს ხმებს იმიტომ, რომ გექნებათ ეს გამოცდილება, იცით უკვე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუმცა ალბათ კიდევ ცვლილებები იქნება შეტანილი, მაგრამ მაინც არის ბევრი რამ, რაც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით და ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ, ყველაფერს სჭირდება თავისი გამოცდილება და თქვენი გამოცდილება მართლაც ფასდაუდებელია.
მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა მოგახსენოთ ჩემი სახელით, სანამ რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს, მაგრამ ჩემი სახელით ნიშნავს ასევე საზოგადოების სახელითა და ქვეყნის სახელით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.