პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე 31 ოქტომბერს დაიბარა. როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს უნდა ფლობდეს.
სალომე ზურაბიშვილი პროკურატურის მიერ მის დაბარებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
"პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას და შეუდგეს თავის საქმეს, რაც ამ მომენტში კიდევ უფრო საჭიროა. ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს. თუ პროკურატურას შეუძლია, რომ იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს. ასე, რომ პროკურატურა თავის საქმეს შეუდგეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.
როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ ჩემს სამუშაოს და არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას", - თქვა ზურაბიშვილმა.
პროკურატურის მიერ პრეზიდენტის დაბარების საკითხზე დღეს კომენტარები საქართველოს პრემიერმა და თბილისის მერმა გააკეთეს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებული იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მისვლას ვერ გაბედავდა. კახა კალაძემ კი თქვა, რომ პრეზიდენტმა კეთილი უნდა ინებოს, მიბრძანდეს და წარადგინოს მტკიცებულებები.