მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეძლო თუ არა INEOS Grenadier-მა კლასიკური Land Rover Defender-ის ჩანაცვლება?

Grenadier

Land Rover Defender-ი ბრიტანელებისთვის საკულტო მანქანაა, რომელიც ყველგანმავლების კატეგორიის ეტალონად ითვლება. წლების განმავლობაში, Defender-ის დიზაინი და შინაარსი თითქმის უცვლელი იყო - ის სამხედრო დიზაინის, მინიმალისტური, გამძლე და კომპეტენტური off-roader-ი იყო, რომელსაც უგზოობის მოყვარულები დაბრკოლებების გადასალახავად ყიდულობდნენ.

2017 წელს ყველაფერი შეიცვალა - ბრიტანული წარმოშობის ბრენდმა საფირმო მოდელის დიზაინის რადიკალურად შეცვლა და ახალი თაობის Defender-ის გამოშვება გადაწყვიტა, რომელიც თანამედროვეობაზე, კომფორტზე და ინოვაციურობაზე იყო კონცენტრირებული. ობიექტური თვალსაზრისით, ახალი მოდელი წინა თაობას ყველაფრით სჯობდა და არც off-road-შესაძლებლობებით ჩამოუვარდებოდა, თუმცა ახალმა დიზაინმა Defender-ის ენთუზიასტების იმედგაცრუება გამოუწვია, რადგან ეს ადამიანები კონსერვატიული მიდრეკილებებით და ორიგინალური დიზაინის მიმართ ერთგულებით გამოირჩეოდნენ.

Defender-ის იმედგაცრუებულ მომხმარებლებს შორის არაერთი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყო, მათ შორის მილიარდერი ბრიტანელი მეწარმე - ჯიმ რეტკლიფი, რომელიც ქვეყანაში არსებული უმსხვილესი ქიმიური საწარმოს მფლობელია.

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც რეტკლიფი, მეგობრებთან ერთად, ლონდონში, პაბ The Grenadier-ში იმყოფებოდა, საინტერესო განხილვაში ჩაერთო, რაც ახალ Defender-ს უკავშირდებოდა. მაგიდასთან მსხდომები თანხმდებოდნენ, რომ ძველი დიზაინი გაცილებით უფრო ელეგანტური და კლასიკური იყო, ვიდრე ახალი. აი, სწორედ აქედან გაჩნდა ახალი ავტომობილის შექმნის იდეა, რომელიც დიზაინით კლასიკურ Defender-ს დაემსგავსებოდა, თუმცა ის Land Rover-ზე გამძლე, მძლავრი, კომპეტენტური და სრულყოფილი იქნებოდა.

მილიარდერმა მეწარმემ იდეა მალევე აქცია რეალობად და სამყარომ INEOS Grenadier-ი იხილა, რომელიც Defender-ის კლასიკური რეცეპტის ახლებური ინტერპრეტაციაა.

Grenadier-ის დიზაინი ფუნქციურობას და გამძლეობას ემყარება. მანქანას კუბისებური, უტილიტარული დიზაინი აქვს, რაც ძველ Defender-ს და Mercedes-Benz G-Class-ს გვაგონებს.

Grenadier-ს რამდენიმე მახასიათებელი გამოარჩევს, მათ შორისაა: ჩარჩოზე დამონტაჟებული კორპუსი მაქსიმალური გამძლეობისთვის; ხისტი, გაუჭრელი ხიდები უგზოობაში უკეთესი მანევრირებისთვის; მუდმივი 4x4-წამყვანი სისტემა; წინა და უკანა დიფერენციალების ბლოკირება რთულ რელიეფზე გასავლელად; მაღალი კლირენსი და მოკლე გადაკიდებები უგზოობის პირობებში უკეთესი წარმადობისთვის; ასევე, მარტივი და ფუნქციური ინტერიერი ფიზიკური ღილაკებით და ადვილად გასაწმენდი მასალებით.

Grenadier-ის ინტერიერი აერთიანებს კლასიკურ მექანიკურ დიზაინსა და თანამედროვე ტექნოლოგიას. კონსოლზე განლაგებული, საავიაციო ინდუსტრიისგან შთაგონებული ღილაკები და 12.3-დუიმიანი ეკრანი უზრუნველყოფს მარტივ და ფუნქციურ გამოყენებას.

Recaro-ს სავარძლები გრძელვადიანი კომფორტისთვისაა შექმნილი, ხოლო ინტერიერის მასალები გამძლეა და მარტივად მოსავლელია.

რაც შეეხება სიმძლავრეს, Grenadier-ი გერმანული BMW-ს წარმოების 3-ლიტრიანი ბენზინის და დიზელის ძრავებითაა აღჭურვილი, რომელთაც ZF-ის ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ტანდემში უწევთ მუშაობა. ამ აგრეგატების დახმარებით, ავტომობილის გაწევა 450-დან 550 Nm-ის ფარგლებში მერყეობს, რაც საკმარისზე მეტია უგზოობის დასაძლევად.

ექსპერტების შეფასებით, Grenadier-ი ენთუზიასტებისთვის შექმნილი ყველგანმავალია, რომელიც იდეალურ ბალანსს იჭერს თანამედროვეობასა და კლასიკურობას შორის. ავტომობილი იმდენად გამძლე, პრაქტიკული და მარტივი სტრუქტურისაა, რომ პროფესიონალი off-roader-ების მოწონებასაც იმსახურებს. Grenadier-ის ფასი დაახლოებით $72,000-დან იწყება, რაც ამ კატეგორიის ავტომობილისთვის იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მისი მთავარი კონკურენტიც - Land Rover Defender-იც პრემიუმ კლასს მიეკუთვნება, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ INEOS Grenadier-ი საინტერესო პროექტია, რომლის წარმატება ამტკიცებს, რომ ყველაფრის შეცვლა არ არის საჭირო და რაც მუშაობს, მას შეკეთება არ სჭირდება, რაც ბრიტანული კონსერვატიული იდეოლოგიის ფუნდამენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები