შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა და ის ცენტრს მომდევნო წლის პირველი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს, ინფორმაცია BM.GE-ს განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გორგოძემ განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გორგოძის გადადგომა რაიმე კავშირშია PISA-სთან, სიმართლეს არ შეესაბამება.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.
ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში", - აცხადებს სოფო გორგოძე.
გორგოძე შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად 2018 წელს დაინიშნა.
ინფორმაციისთვის: ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) “მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების” (PISA) 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში ქართველი მოსწავლეების მაჩვენებლები გაუარესდა