მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეღავათები, რომლითაც „ცენტრ პოინტის“ პროექტების შემსრულებელი კომპანიები სარგებლობენ - დეტალები

6141bc98c8075
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.21 13:48
1596
„ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ ობიექტებთან დაკავშირებით, თბილისის მერიასა და პროექტის შემსრულებელ კომპანიებს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებაზე კი დაუსრულებელი მშენებლობების კომისიის ხელმძღვანელმა და თბილისის მერმა ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის მიხედვით, მერია პროექტების შესრულების ვადებს მკაცრად გააკონტროლებს.

დაუსრულებელი პროექტის ერთ-ერთი შემსრულებელი კომპანიის „ნექს დორის“ დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა კი მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებს ის პირობები გააცნო, რომლითაც აღებული ვალდებულების შესრულება მოუწევთ.

ანა გოგიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაში დგება სპეციალური ფორმულა, რომლის მიხედვით, პროექტის შემსრულებელ კომპანიას 20%-ზე მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობა არ აქვს. ამასთან, ის BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ იმ შეღავათებსაც ასახელებს, რომლითაც კომპანიების 2024 წლამდე ანუ იმ დრომდე სარგებლობენ, როდესაც კომპანიებს პროექტების ჩაბარების ვალდებულება აქვთ.

„დაუსრულებელი მშენებლობების შემთხვევაში მუნიციპალიტეტს კონკრეტული ფორმულა აქვს, კომპანიას ამ პროექტებში 20%-ზე მაღალი მოგების მიღება რა შეუძლია. დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტის საბაზრო ღირებულებას ადგენენ, რითაც K2 კოეფიციენტი ითვლება - რამდენი სჭირდება დაზარალებულებისთვის გადასაცემი რაოდენობა. ამ ფორმულით რასაც გასცემ, დაახლოებით, 3 იმდენს აშენებ, მაგრამ ეს ლოკაციასა და საბაზრო ღირებულებაზეა დამოკიდებული. K2 კოეფიციენტი თუ არ გადამეტდა ამხელა პროექტის შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია. კონკრეტულად მე 700 ოჯახი მყავს დასაკმაყოფილებელი და კვადრატულობით ძალიან დიდი მოცულობის ფართია გასაცემი. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ შეგვენარჩუნებინა ფართები ყველასთვის, რადგან ისინი ამას 15 წელი ელოდნენ.

დაუსრულებელი მშენებლობების კომისიამ კომპანიებზე მხოლოდ ის პრეფერენციები გასცა, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს არ შეეხება. 41-ე დადგენილების სრული დაცვა ხდება და კორპუსები ახალი რეგულაციებით შენდება. ერთ-ერთი პრეფერენცია ავტოფარეხების რაოდენობას შეეხო, რადგან K2 კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელია მიწის უამრავი სართულის შექმნა.

რაც შეეხება პრეფერენციებს, ეს ობიექტები შესყიდვის და გაყიდვის დროს 2024 წლის დეკემბრამდე დღგ-სგან გათავისუფლებულია. სწორედ ამ პერიოდში უნდა მივიღოთ ობიექტები ექსპლუატაციაში. ასევე გათავისუფლებულები ვართ მოსაკრებლისგან და K2 კოეფიციენტის გადასახადისგან. თუ ამ ვადებს გადავაჭარბებთ, მერე ყველა გადასახადს გადავიხდით“, - განმატა „ენქსთ დორის“ დირექტორმა.

ანა გოგაშვილის თქმით, კომპანიამ 2 პროექტი გადაიბარა, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია.

„გელოვანის ქუჩაზე არსებულ ობიექტზე 117 ოჯახია დაზარალებული, ასევე მარიჯანის 2 პროექტში ერთ-ერთი ურთულესი პროექტია, სადაც დაზარალებული 433-ია. მუნიციპალიტეტის დახმარებით ფართები ყველას შევუნარჩუნეთ, ვის რა პირობითაც ჰქონდა შეძენილი მაშინდელი ხელშეკრულებებით, რაც თეთრი კარკასის მდგომარეობას გულისხმობდა. ყველას ვუნარჩუნებთ კვადრატულობას, ხედებს. გელოვანის პროექტი დაკიდული ბაღებია და ის სანებართვო ეტაპზეა, ხარვეზების კუთხით დეტალებია დარჩენილი. გელოვანის ობიექტზე სადემონტაჟო ობიექტი გვაქვს, თუმცა მისი პირობები ასეთია: მიწის ნაკვეთ 9 300 კვ.მ.-ია. სამშენებლო ფილა 2 800 კვ.მ-ზეა დანარჩენი გამწვანებას ეთმობა. დანარჩენ 6 000 კვ.მ-ზე ძველი შენობაა, სადაც მოსახლეობაა შესახლებულია, წინასწარ იქიდან არავინ გამოგვყავს, ჯერ ახალ კორპუსში გადავცემთ გარემონტებულ ბინებს და ბოლო ეტაპისთვის ძველი შენობის დემონტაჟი მოხდება.

რაც შეეხება მარიჯანს, შენობა ავარიულია და მოსახლეობიდან გროვდება დემონტაჟთან დაკავშირებით ხელმოწერები. ის უნდა დაიშალოს. ჯერ დემონტაჟი შესრულდება და მერე მოხდება მშენებლობა. მუნიციპალიტეტი თანამონაწილეობაშია და უპრეცენდენტო დახმარება გაუწია ამ ობიექტს, რადგან ის ყველა პრობლემური ობიექტია. ის ქალაქის ცენტრალურ უბანშია. ძალიან მაღალი შენობის აშენება იქ წარმოუდგენელი იყო, ამიტომ შედგა 23-სართულიანი კორპუსი და აქედან 17 სართული გასაცემია“, - თქვა პროექტების შესახებ „ნექსთ დორის“ დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები