"შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით“, რომლითაც სახელმწიფო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სესხის პროცენტის თანადაფინანსების გზით, იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომას სთავაზობს, 2013-2023 წლებში 6 მილიარდ ლარზე მეტის (5,992,122,690 ლარი და 879,005,435 დოლარი) სესხია გაცემული.
პროექტის ფარგლებში ფინანსდება სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი, შენახვა-რეალიზაციის და სხვა მიზნობრიობის საწარმოები, როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი საშუალებებისთვის.
სოფლის განვითარების სააგენტოდან BMG-ის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 10 წლის განმავლობაში, საფინანსო ინსტიტუტებმა სესხი 58 448 ფიზიკურ პირს და 24 364 იურიდიულ პირს ანუ კომპანიას მისცეს.
აღსანიშნავია, რომ შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში არ მონაწილეობს და მხოლოდ სესხის დამტკიცების შემდეგ ერთვება ბენეფიციარისთვის კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებაში.
2013-2023 წლებში „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით“ გაცემული კრედიტების სუბსიდირება გადასახადების გადამხდელებს 879 მლნ ლარი დაუჯდა. ამასთან, მომდევნო ხუთი წელი, 2024-2029 წლებში უკვე გაცემული კრედიტების თანადაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ 408,904,700 ლარი და 3 881 დოლარი იქნება გადასახდელი.
სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებითვე, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას“ ყველაზე მეტი ბენეფიციარი კახეთში ჰყავს - ფაქტობრივად, 6 მილიარდი ლარიდან 3 მილიარდით სწორედ კახეთი დაკრედიტდა. შემდეგ მოდის შიდა ქართლი, მერე - ქვემო ქართლი. ხუთეულშია სამეგრელო და თბილისი.
სოფლის განვითარების სააგენტოს ასევე ვთხოვეთ, მოეწოდებინათ პროგრამის ბენეფიციარი იმ ფიზიკური პირების ან კომპანიების სია, რომლებმაც სესხი აიღეს, სახელმწიფო ასუბსიდირებდა გარკვეული პერიოდი, მაგრამ შემდეგ კომპანიამ ვერ შეასრულა პირობები და შესაბამისად, ბიუჯეტიდანაც შეუწყდათ თანადაფინანსება. სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია იმ მოტივით არ მოგვაწოდა, რომ ის კომერციული საიდუმლოებაა.
გარდა ამისა, BMG-ის იმ კომპანიების ვინაობა და რაოდენობა აინტერესებდა, რომლებმაც ნახევარი მილიონი ლარის და მეტი ღირებულების სესხი აიღეს, მაგრამ არც ამ კითხვაზე მივიღეთ სრულყოფილი პასუხი - სოფლის განვითარების სააგენტომ მოგვწერა, რომ ამ მოცულობის სესხი სულ 1 625 ბენეფიციარზე გაიცა, მაგრამ რომელ კომპანიებზე, არ გაამხილეს ისევ იმ მოტივით, რომ ეს არის კომერციული საიდუმლოება.
რა ეფექტი იქონია შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ და მის ფარგლებში გაცემულმა 6 მილიარდი ლარის კრედიტმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და პროექტის დაწყებიდან დღემდე, პროგრამის ფარგლებში სულ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა - BMG-ის ამ კითხვაზე პასუხად სოფლის განვითარების სააგენტოდან მოგვწერეს, რომ 2013-2020 წლებში პროგრამის ბენეფიციარების მიერ ბიუჯეტში გადახდილია 1 317 438 635 ლარი და 2012 წელთან შედარებით ბენეფიციარი კომპანიები, დაახლოებით, 50 მილიონი ლარით მეტს იხდიდნენ ბიუჯეტში. მისივე ინფორმაციით, პროექტის დაწყებიდან 2020 წლის ჩათვლით, შექმნილია 11 900-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამისთვის“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანც ნაწილი - ახალი კრედიტების გაცემას, ნაწილი კი - არსებულების თანადაფინანსებას მოხმარდება.