მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეგვიძლია დიდი მინების გადამუშავებით არქიტექტორების ოცნება ავასრულოთ - LGG-მ საწარმო აამოქმედა

632597b55f0c8
მარიამ იზორია
17.09.22 22:15
1990
კომპანია LGG-მ წეროვანში უახლესი დანადგარებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის საწარმო ოფიციალურად გახსნა. ქართველი მომხმარებლისთვის კომპანია უკვე კარგად ნაცნობია - ელჯიჯი 16 წელია მომხმარებლებს, სამშენებლო სექტორს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით, აივნის მოაჯირებით, აბაზანის სისტემებითა და მინით ამარაგებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურა გიორგაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ახალი საწარმოს ხარჯზე LGG ბაზრისთვის 6-ჯერ მეტ ევროსტანდარტებზე მორგებულ პროდუქციის მიწოდებას შეძლებს. ამასთან, მისივე თქმით, საწარმო დამკვეთებს 5-ჯერ უფრო სწრაფად მოემსახურება და საქართველო ბაზრისთვის აქამდე უცნობი ფორმატის მინებს დაამზადებს.

ზურა გიორგაძე ინვესტიციის მოცულობაზეც საუბრობს და როგორც თავად ამბობს, მინის საწარმოში 7.5 მლნ ლარი ჩაიდო.

“მსოფლიო თანხმდება, რომ დღეს გაგრილებაზე მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე გათბობაზე, ამიტომ ენერგო ეფექტურ შუშებს დიდი ყურადღება ექცევა. ევროკავშირმა 76 მილიარდი ევრო გამოყო იმისთვის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში, 2030 წლამდე საცხოვრებელ სახლებში მინები შეიცვალოს. გვინდა ამ პროექტის თანამონაწილეები გავხდეთ.

აქ დამზადებული ნაწარმი ევროსტანდარტებს დააკმაყოფილებს. ბაზარს 5-ჯერ მეტად სწრაფად მოემსახურება. ჩვენი უპირატესობაა ისიც, რომ შეგვიძლია დიდი მინები გადავამუშაოთ და არქიტექტორების ოცნება ავასრულოთ” - ამბობს “LGG”-ის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ გარდა იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებისა, LGG-ის გეგმებში ევროპის ბაზარზე გასვლა შედის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ევროსტანდარტებს მორგებული მინა ამისთვის უკვე მზად არის.

ინფორმაციისთვის: კომპანიამ სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერითაც ისარგებლა. პროექტის ჯამურ ღირებულებაში კი პროგრამის მხარდაჭერამ 3 მლნ ლარი შეადგინა.

მნიშვნელოვანია საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობაც, მიმდინარე მონაცემებით წეროვანის საწარმოში უკვე 80-მდე ადამიანი მუშაობს. საწარმოს სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ ადგილზე 250 ადამიანი დასაქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები