შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან და აქ შეიძლება ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სურსათის ფასებზე საუბრისას "იმედის" ეთერში განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "შეიძლება თუნდაც საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ხომ არ არის სადმე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი".
როგორც კობახიძემ განაცხადა, მთავრობა შეეცდება სურსათის ფასების კლებას.
„ფასნამატი, რაც წარმოიქმნება, საქართველოს საზღვრიდან დახლებამდე, არის ძალიან მაღალი. საშუალოდ, ეს ფასნამატი არის 86%. ეს ფასნამატი წარმოიქმნება სადისტრიბუციო კომპანიებში და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს, ზოგადი შეფასება გაკეთებული გვაქვს, ახლა უკვე საჭიროა კონკრეტულ სამუშაო პროცესზე გადასვლა. მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას.
არ არის მარტივი საკითხი. საქმე ეხება კერძო სექტორს, ბიზნესს, რომელიც ამჟამად თავისუფლად წარმოქმნის ფასებს პროდუქტებზე", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.




























