საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის რესან ქიქავას განცხადებით, ბიზნესს ყველაზე მეტად აწუხებს გაურკვევლობა და არასტაბილური მდგომარეობა, რაც ხელს უშლის გრძელვადიან დაგეგმვას.
„ასეთი ტიპის სახელმწიფოში ცხოვრება რთულია“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ „შეიძლება თავი მოვიტყუოთ, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია, მაგრამ ბიზნესი არის პრაგმატული“.
„უსამართლობა, კონსტიტუციის დარღვევები, დაპირისპირებები - ყველაფერი გავლენას ახდენს ყველა სფეროზე. ბიზნესს უყვარს გრძელვადიანი დაგეგმვა, თუმცა ახლა ეს შეუძლებელია. ჩვენ შეიძლება თავი მოვიტყუოთ და ვთქვათ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც კარგად იქნება და ზღაპრის ბოლო კეთილია, მაგრამ ბიზნესი არის პრაგმატული“, - თქვა რესან ქიქავამ და იქვე დასძინა, რომ ბიზნესისთვის ზღაპრის კეთილი ბოლო დღევანდელ რეალობაში არაფერს ნიშნავს.
ამასთან, მიუხედავად რთული რეალობისა, რესან ქიქავას მიაჩნია, რომ ბიზნესმა უნდა გააგრძელოს საქმიანობა და ამის მაგალითია მათ შორის Expo Georgia-ს სექტორული გამოფენები და ფორუმები, რომლის მიზანი სხვადასხვა სექტორების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევამციროთ შესაძლო პრობლემები, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა და ამავდროულად დავეხმაროთ ინდუსტრიებს ჩვენი პლატფორმებით“, - თქვა რესან ქიქავამ.
ცნობისთვის: 2025 წლის ბოლომდე Expo Georgia-ში კიდევ 4 გამოფენა და ფორუმი გაიმართება. კერძოდ:
6 ნოემბერი - ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი;
14 ნოემბერი - წიგნის დღეები;
28 ნოემბერი - სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა;
5 დეკემბერი - უძრავი ქონების კვირეული.




























