მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიცვლება თუ არა საქართველოს მიმართ პოლიტიკა ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში? - შაჰინის და ტერნერის პასუხი

შაჰინი ტერნერი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, მაიკ ტერნერმა და სენატორმა ჯინ შაჰინმა გამართულ პრესკონფერენციაზე გუშინ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისა და საქართველო აშშ-ის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. კითხვაზე შეიცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა ადმინისტრაციის ცვლილების შემთხვევაში, სენატორი შაჰინი პასუხობს, რომ ამერიკის პოლიტიკა თანმიმდევრულია და ის საქართველოში დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას გულისხმობს და ეს პოლიტიკა უცვლელია განურჩევლად იმისა აშშ-ს დემოკრატიული თუ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტი ჰყავს.

"პოლიტიკა არის თანმიმდევრული და ის გულისხმობს საქართველოს მოქალაქეთა დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის პრეზიდენტი, დემოკრატი თუ რესპუბლიკელი. არ ველი რომ ეს შეიცვლება. ორივე პალატაში, სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მხარს უჭერს და აძლიერებს ამერიკის მთავრობის ქმედებებს და განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული პროცესის მიმართ მხარდაჭერას,"- განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

კონგრესმენი ტერნერის თქმით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ის შეეცადა პრემიერ-მინისტრისთვის აეხსნა, რომ კრიტიკა რომელიც აშშ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური რიტორიკის და ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესების გამო მოდის, არ არის პიროვნული კრიტიკა და ის მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერისკენ.

"როგორც აღნიშნეთ საქართველოს მთავრობა აკრიტიკებდა ბაიდენის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრი ზედმეტ ყურადღებას ანიჭებდა მისი მთავრობისა და მის პირად კრიტიკას, ჩვენ შევეცადეთ რომ განგვემარტა, რომ ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი გულისხმობს კრიტიკას", - განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა.

ამასთან, კონგრესმენმა იმედგაცრუება გამოხატა იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია კონკრეტული გეგმა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხედავენ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესების გზას.

სენატორმა შაჰინმა კი იმედგაცრუება გამოხატა იმის თაობაზე, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მისი შეფასებით საქართველოში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღებია, მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

5 ნოემბერს აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები