"ქართული ოცნების' განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ამბობს, რომ ამ ეტაპზე უნივერსიტეტებში მობილობის კანონმდებლობის გადახედვას არ გეგმავენ.
ასე უპასუხა მან პარლამენტის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის კითხვას, რომელიც დაინტერესდა როგორ გადავა კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში სტუდენტი ახალი დაფინანსების პირობებში, ანუ მაშინ როცა სახელმწიფოში სწავლა უფასო, კერძოში კი ფასიანი იქნება.
"მობილობასთან დაკავშირებით არსებობს კანონმდებლობა და მის გადახედვას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, თუმცა ახალმა პროექტმა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი, რადგან მაღალრეიტინგული სტუდენტები შეიძლება მოხვდნენ უფრო სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა იმის შესაძლებლობაც არის რომ კერძო უნივერსიტეტებშიც მოხვდნენ. ამიტომ შესაძლოა გარკვეული ტიპის კვოტირება გავაკეთოთ მათთვის მათ შორის, GPA-ის ნაწილში ან შეიძლება მოვხსნათ ეს საკითხი. ერთადერთი რაც გვაწუხებს არის ის, რომ მანიპულაციის საშუალება არ დავტოვოთ რომ უფრო დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებმა არსებული საკანონმდებლო ხვრელი არ გამოიყენონ და არ მოხდეს გადანაცვლება. თუმცა არის გარკვეული ტიპის ბარიერები, რომელსაც თავად სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ. ისინი ხსნიან მობილობის ფანჯრებს... ერთადერთი ეს მომენტია, რაზეც გუშინაც გავამახვილე ყურადღება, რომ შესაძლოა, გარკვეული ტიპის შეზღუდვა დავაწესოთ იგივე GPA-ის ნაწილში, რომ მსგავსი ტიპის მანიპულირება არ მოხდეს. სხვა შემთხვევაში უნივერსიტეტი თუ ხსნის მობილობას, ის ხსნის ყველასთვის", - ამბობს გამისონია.
პარლამენტი უმაღლესი განათლების შესახებ "ოცნების" რეფორმას დაჩქარებული წესით განიხილავს და მიღება დღეს, 10 დეკემბერსვე იგეგმება.




























