ეკონომიკის სამინისტროში არ პასუხობენ კითხვას შეხვდა თუ არა მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტისას CCCC-ის წარმომადგენლებს - ამის შესახებ BMG-ის კითხვების საპასუხოდ უწყებიდან მიღებული წერილობითი პასუხიდან ირკვევა.
BMG-იმ სამინისტროს მიმართა კითხვით - შეხვდა თუ არა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გასულ კვირაში ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ დასახელებულ CCCC-ის წარმომადგენლებს, რაზედაც პასუხი რედაქციამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული "ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტოს" უფროსის დავით ჯავახაძის სახელით მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ კომპანიასთან თავად სამინისტროს გარკვეული საკითხების დაზუსტების მიმართულებით მჭიდრო კომუნიკაცია აქვს.
"ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის პორტის პროექტს და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონისა და შუა დერეფნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. რაც შეეხება CCCC-ს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუდმივი, მჭიდრო კოორდინაცია აქვს ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, რომელთანაც მიმდინარეობს გარკვეული საკითხების დაზუსტების პროცესი", - ნათქვამია უწყების პასუხში.
გაჭიანურებული მოლაპარაკებები ანაკლიის პორტის შესახებ:
2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა უკვე ერთი წელი და 11 თვე გავიდა და ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა, როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.
შესაბამისად, უკვე არაერთი თვეა ამ მიმართულებით სიახლე ფაქტობრივად არ ყოფილა და მთავრობა მხოლოდ აცხადებს, რომ საზოგადოებას პროექტის შესახებ "უახლოეს მომავალში" მეტ ინფორმაციას აცნობებენ, თუმცა თუ რას ნიშნავს "უახლოესი მომავალი" უცნობია. ასე მაგალითად, 2025 წლის იანვარში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ "ძალიან მალე" ანაკლიასთან დაკავშირებით "მეტი სიცხადე" იქნებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან სამი თვის შემდეგაც მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა.
2026 წელს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 50 მილიონ ლარს დახარჯავს. საუბარია 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის მიერ ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმტეხელის მოწყობაზე, რომლის ჯამური ღირებულებაც 204 მილიონი დოლარია, სწორედ აღნიშნული კონტრაქტის საფასური შემცირდა 52 მილიონი დოლარით.





























