მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეკვეთილი გვაქვს კიდევ 5 000 კასრი" - "მეღვინეობა კაჭრეთი" წარმოების გაფართოებას გეგმავს

მეღვინეობა კაჭრეთი

"მეღვინეობა კაჭრეთი" წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანიის დირექტორის ნათია კარიჭაშვილის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე მეღვინეობა ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და წარმოების მოცულობის გაზრდაზე მუშაობს.

როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, კომპანიას უკვე დაგეგმილი აქვს დამატებითი 10-მილიონლიტრიანი რეზერვუარის შეძენა, რაც საწარმოს წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პარალელურად, მიმდინარეობს კასრების რაოდენობის ზრდაც - თუ ადრე მეღვინეობას დაახლოებით 5 000 კასრი ჰქონდა, ამჟამად მათი რაოდენობა უკვე 7 000-ს აჭარბებს.

„ამ ეტაპზე შეკვეთილი გვაქვს კიდევ 5 000 კასრი. კასრების მიმართულებას აქტიურად ვავითარებთ და ეს პროცესიც გაგრძელდება. ასევე ვგეგმავთ ცისტერნების დამატებას. ამჟამად, ვითვლით კონკრეტულ მოცულობებს. ვინაიდან სამუშაო პროცესში ვართ, ზუსტი ინვესტიციის დასახელება გამიჭირდება“, - აღნიშნა ნათია კარიჭაშვილმა.

საწარმო სოფელ კაჭრეთში (კახეთი) მდებარეობს და ღვინის წარმოების ისტორია 1958 წლიდან იწყება, თუმცა მოქმედი მმართველი კომპანია მას 2019 წლიდან მართავს. „მეღვინეობა კაჭრეთი“ აწარმოებს როგორც ტრადიციულ კახურ ღვინოებს, ასევე დასავლეთ საქართველოს ღვინოებს. კომპანიის პორტფელში შედის ღვინო, ჭაჭა და ბრენდი, ხოლო პროდუქცია ექსპორტზე გადის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის აშშ-შიც.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „მეღვინეობა კაჭრეთის“ 100%-იან წილს ფლობს შპს „მილადა ინტერნეშინელი“, რომლის მფლობელიც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილია. იგი ასევე არის ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფის - Bolero & Company-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები