მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგოკომპანია Shell-მა Ferrari-სთან ხანგრძლივ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, კომპანია ავტომწარმოებელს განახლებადი ენერგიით 2034 წლამდე მოამარაგებს და ნახშირბადის ემისიების შემცირებაში დაეხმარება - ამის შესახებ ინფორმაცია თავად Shell-მა გაავრცელა.
Reuters-ის ინფორმაციით, ენერგიის შესყიდვის მსგავსი შეთანხმებები - გრძელვადიანი კონტრაქტები, რომლითაც კომპანია ელექტროენერგიას პირდაპირ მწარმოებლისგან ყიდულობს - იტალიაში სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან არაერთი მწარმოებელი ენერგიის ხარჯების შემცირებასა და მწვანე ენერგიაზე გადასვლაზე აქტიურად მუშაობენ.
გაფორმებული ხელშეკრულებით, Shell-ი Ferrari-ს 10 წლის განმავლობაში ჯამურად 650 გიგავატ/საათი ენერგიით მოამარაგებს, საკუთარი ელექტროსადგურიდან. აღნიშნული სიმძლავრე კი საკმარისია მარანელოში Ferrari-ს საწარმოს მოთხოვნის თითქმის ნახევრის დასაკმაყოფილებლად, რაც კომპანიას დეკარბონიზაციაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
Shell Energy Italia ქვეყნის მასშტაბით დააკმაყოფილებს Ferrari-ს მოთხოვნას დამატებითი ენერგიისა და განახლებადი ენერგიის სერტიფიცირების მიმართულებით.
მოსალოდნელია, რომ გარიგება მნიშვნელოვნად შეამცირებს Ferrari-ს პირველი და მეორე დონის ემისიებს - რომლებიც უშუალოდ მისი ოპერაციებით და შეძენილი ენერგიით წარმოიქმნება - რადგან ფუფუნების ავტომობილების მწარმოებელი 2030 წლისთვის ემისიების 90%-ით შემცირებას ისახავს მიზნად.
ამასთან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებული Shell უკვე Scuderia Ferrari-ს, ავტომწარმოებლის სარბოლო გუნდის პარტნიორია.




























