მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირდება თუ არა ბათუმში ბინებზე ფასები - Cushman & Wakefield-ის პროგნოზი

5f02d0c220270
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.20 12:20
1489
გაყიდვებთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, ბათუმში უძრავ ქონებაზე ფასის კლება არ არის მოსალოდნელი - ამის შესახებ უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-ს მიერ ჩატარებული ბათუმის რეზიდენტული ბაზრის კვლევის შედეგებშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, ბათუმში მოქმედი დეველოპერული კომპანიების მოლოდინები მიმდინარე წელს პესიმისტურია. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში გაყიდვები - 50%-ით, რიგ შემთხვევაში კი, 100%-ით შემცირდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში საცხოვრებელი ფართების მყიდველთა უმრავლესობას არარეზიდენტები წარმოადგენენ, ბინის შეძენის მსურველები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ბათუმში ვიზიტის გარეშე (ისრაელი, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, პოლონეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, კანადა, აშშ და ახლოაღმოსავლეთის ქვეყნები).

გამოკითხვის მიხედვით, ბათუმში ბინის მყიდველთა 64%-ს უცხოელები წარმოადგენენ, ხოლო 36%-ს ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან.

დეველოპერების მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებითაც არ არის ოპტიმისტური. გამოკითხული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მოსალოდნელია გაყიდვების 30%-ით შემცირება, თუმცა ზოგიერთი მათგანის ვარაუდით, ვარდნამ წინა წელთან შედარებით, შესაძლოა 80%-საც კი მიაღწიოს”, - ნათქვამია Cushman & Wakefield-ის კვლევის შედეგებში.

მიუხედავად შემცირებული მოთხოვნისა, ბათუმის სამშენებლო სექტორის წარმომადგნლები თვლიან რომ ფასები უძრავ ქონებაზე არ შემცირდება.

„ბათუმის დეველოპერების აბსოლუტური უმრავლესობა ინარჩუნებს არსებულ საფასე პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები გაყიდვებთან დაკავშირებით პესიმისტურია, კვლევაში მონაწილე კომპანიების თქმით, გასაყიდი ფასის კლება არ არის მოსალოდნელი. ამასთან, კვლევის ფარგლებში გაკეთებული განცხადების მიუხედავად, დეველოპერების ნაწილი აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კამპანიას თუ აქციას, და მყიდველებს სპეციალურ პირობებს და ფასდაკლებებს სთავაზობს კონკრეტულ აპარტამენტებზე“, - აღნიშნულია კვლევაში.

დეველოპერები არც მარკეტინგის მიმართულებით აპირებენ ხარჯების გადახედვას და ანტიკრიზისული გეგმის შედგენას.

„ბათუმის რეზიდენტული ბაზარი საკმაოდ მზარდია: ქალაქს ყოველ წლიურად ემატება ათასობით ახალი აპარტამენტი. შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. კომპანიებს მუდმივად უწევთ დიდი რესურსის გამოყოფა მარკეტინგის მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არ აპირებს მარკეტინგული მიმართულების ოპტიმიზაციას ან ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებას”, - ნათქვამია ბათუმის რეზიდენტული ბაზრის კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები