საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების მიმართულებით დიდი პერსპექტივაა.
როგორც მან ჟურნალისტებს "გალტ&თაგარტის" ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციაზე განუცხადა, ენერგეტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
"ენერგეტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია შეიძლება ითქვას მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს არის ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურასთან მიბმული ინდივიდუალური პროექტები. ამ ინფრასტრუქტურას სჭირდება საკმაოდ დინამიკური განვითარება, ამას სჭირდება როგორც რეგულატორული, ისევე სახელმწიფოს სტრატეგიის კოორდინირება კერძოსთან და აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. "გალტ & თაგარტი" 10-ზე მეტი წლის წინ, პირველი იყო საქართველოს რეგიონში, რომელმაც კვლევა დადო ამ სექტორთან მიმართებაში და წლებია უკვე ასეთ კონფერენციებს ატარებს.
ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება მგონია, სადაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის ჩადება შეიძლება. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქსელი იყოს შესაბამისად მზად და გამართული იმისთვის, რომ განვითარდეს ახალი პროექტები, ერთი მხრივ, ქსელის გაძლიერებისთვის და მეორე მხრივ, იყოს გარანტიები, რომ CFD-ის მექანიზმი იყოს გამართული, რათა გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურება მოხდეს დროულად და კარგად. ამ ორ შემთხვევაში, კერძო სექტორის მიმართულებით საკმაოდ დიდ აქტიურობას ვხედავთ და ეს ყველაფერი თუ კარგად შესრულდა, ასეულობით მილიონი დოლარის დაფინანსება ნამდვილად შესაძლებელია ამ სექტორში", - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორის მხრიდან საბანკო დაკრედიტებაზე მოთხოვნა მზარდია.
"აქტიურად მზარდი არის, ასე ვთქვათ, 5%-იან და 10%-იან ზრდაზე ლაპარაკი არ არის, 20-30%-იანი ზრდა შეინიშნება და ამ მიმართულებით მოთხოვნა და აქტიურობა ძალიან კარგია", - ამბობს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.