მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გვაქვს მოლოდინი, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა” - არჩილ გაჩეჩილაძე

ბოგ

“გვაქვს მოლოდინი, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა, მთავარი კითხვაა, რამდენად სწრაფად მოხდება ეს”, - ამის შესახებ მედიასთან “საქართველოს ბანკის” აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ეკონომიკური გარემო მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას იძლევა.

“ვინაიდან დღეისათვის საქართველოში ინფლაციური წნეხი მოხსნილია, გვგონია, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა, რაც ძალიან კარგი იქნება ქართველი მომხმარებლებისა და ბიზნესმენებისთვის”, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ჩატარებულ კომიტეტის სხდომაზე, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა.

გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო და სავალუტო სესხების გაცემის რეგულაციები შეცვალა, რასაც “საქართველოს ბანკის” CEO დადებითად აფასებს.

“სამომხმარებლო სესხების ვადის 3-დან 4 წლამდე გაზრდა, რა თქმა უნდა, არის დადებითი მოვლენა და ბევრი მომხმარებელი შეძლებს, მეტ კრედიტთან ჰქონდეს წვდომა, რაც ეკონომიკისთვისაც კარგია.

რაც შეეხება არაჰეჯირებული სესხების ნაწილში შეზღუდვის მოხსნას, ვფიქრობ, წარსულში არასწორი შეზღუდვა იყო, ვინაიდან ჩვენ გვყავს ემიგრანტები, რომლებიც აგზავნიან აქ თანხას და ცხოვრობენ ევროპაში. რა თქმა უნდა, მათ სურთ ბინის შეძენა და უნდა შეეძლოთ კრედიტის ევროში აღება, ვინაიდან სესხის ლარში აღებას, შესაძლოა, სხვადასხვა რისკი ახლდეს თან, როდესაც შემოსავალი და გადასახდელი თანხა სხვადასხვა ვალუტებშია”, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

ცნობისთვის, ახალი რეგულაციის თანახმად, პირები, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, კრედიტის აღებას ამავე ვალუტაში შეძლებენ, რისი საშუალებაც აქამდე არ ჰქონდათ.

რაც შეეხება სავალუტო კრედიტების აღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ამ შეზღუდვას დადებითი მაკროეკონომიკური შედეგი ექნება.

“რაც შეეხება 300 000 ლარამდე სავალუტო სესხის ლიმიტის აწევას, ეს დამატებითი შეზღუდვაა, რაც მომხმარებლისთვის კარგი ვერ იქნება, თუმცა, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, აბსოლუტურად გასაგები ცვლილებაა”, - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

2024 წლიდან, ლარში შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის სავალუტო სესხის აღება მკაცრდება - დეტალები

თუკი უცხოურ ვალუტაში გაქვთ შემოსავალი, სავალუტო სესხის აღება შეგეძლებათ - სებ-ის გადაწყვეტილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები