საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი წითელ ზღვაში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას ინფლაციისთვის რისკის მატარებლად მიიჩნევს და ამის გამო ევროპაში ინფლაციის ტალღას არ გამორიცხავს. აღნიშნულ რისკზე და საქართველოს მონეტარულ პოლიტიკაზე მის გავლენაზე არჩილ გაჩეჩილაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, შესაძლოა, კიდევ შეამციროს.
„ინფლაცია დღეს დაბალ დონეზეა, რამაც ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის დაწევის საშუალება მისცა. ეს ძალიან კარგია ყველა მსესხებლისთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს აღებული. ეს შემდგომში ეკონომიკაში უფრო მეტ აქტიურობას გამოიწვევს. ამასთან, ეროვნული ბანკი აკვირდება, ინფლაციის დონეს და თუ ის მეტად შემცირდება, რეფინანსირების განაკვეთიც მეტად დაიკლებს.
თუმცა, გარკვეული გამოწვევები და რისკები არსებობს, რადგან წითელ ზღვაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემებია, არ არის გამორიცხული, რომ მთელ ევროპაში ამან ინფლაციის ტალღა გამოიწვიოს. იმის მაგივრად, რომ აღმოსავლეთიდან ევროპაში გემები წითელი ზღვის გავლით მივიდნენ, აფრიკის გარშემო წრის დარტყმა უწევთ, რაც არამხოლოდ ძვირია, არამედ უფრო მეტ დროს მოითხოვს და ეს ყველაფერი მაღალ ფასებში ითარგმნება. იმედს ვიტოვებ, რომ ეს რაღაცნაირად მოგვარდება, მაგრამ რისკი რისკად რჩება. თუ ინფლაცია დიდი იქნება გაიაფება ვერ მოხდება, მაგრამ თუ ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება, რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო შემცირებას ველით“, - განმარტა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის: დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდეა შემცირებული.
იემენში ბაზირებული სამხედრო დაჯგუფების, “ჰუსიტთა მოძრაობის” წევრების მიერ წითელ ზღვაში გააქტიურების შემდეგ, გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან გლობალური გადამზიდი კომპანიები წითელ ზღვაში შესვლისგან თავს იკავებენ და ურჩევნიათ, აფრიკის კონტინენტს შემოუარონ, რაც ხარჯებსა და დროს ზრდის.