მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან, ლარში შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის სავალუტო სესხის აღება მკაცრდება - დეტალები

ეროვნული ბანკი

მომხმარებლების უმეტესობას დოლარის და ევროს სესხის აღება გაურთულდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. საქმე ისაა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში მხოლოდ 200,000 ლარზე დიდი მოცულობის სავალუტო სესხის აღება იყო შესაძლებელი. 2024 წლის 1 იანვრიდან კი ამ აკრძალვის მიდგომა შეიცვლება.

  • ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, ვეღარ აიღებენ 200-300 ათასი ლარის სავალუტო სესხებს, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300,000 ლარით განისაზღვრა;
  • ის პირები, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, შეძლებენ აიღონ კრედიტი იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ.

BMG-ის კითხვაზე თუ რატომ განახორციელა ეროვნულმა ბანკმა ეს ცვლილება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ის დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს თუმცა, მოქალაქეებს სესხების ჰეჯირების უკეთეს შესაძლებლობას აძლევს, რადგანაც მათ კრედიტის იმ ვალუტაში აღება შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი უფიქსირდებათ.

“ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარია ჰეჯირება, ჰეჯირება ნიშნავს დაცვას სავალუტო რისკებისგან, ეს დაცვა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი და იმ ვალუტაში უნდა უწევდეს სესხის მომსახურება, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი და არ უწევდეს ყოველთვიურად კონვერტაცია თავისი ხელფასის სხვა ვალუტაში რათა შეიტანოს ბანკში. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რაც რამდენიმე წელია სებ-ის თაოსნობით ხორციელდება და უფრო სრულყოფილს ხდის მას.

ლოგიკა ისაა, რომ ჰეჯირება ნიშნავს ან ლარში ან რომელიმე სხვა ვალუტაში დავაძალოთ აღება. აქ არის მთავარი, რომ ადამიანი იყოს დაცული. რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი იმ ვალუტაში მოემსახუროს სესხს,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

200,000 ლარამდე სავალუტო სესხების შეზღუდვა 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. ის სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით განისაზღვრა. კანონში ნათქვამია, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს, თუკი ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ეს ახალი ჩანაწერი კი ეროვნული ბანკის ბრძანებაში სწორედ დღეს გაჩნდა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვისაც ლარის შემოსავალი აქვთ აღარ შეეძლებათ 200-300 ათასი ლარის სავალუტო კრედიტების აღება. ხოლო მათ ვისაც სავალუტო შემოსავალი აქვს თავისუფლად შეეძლება ნებისმიერი მოცულობის სავალუტო სესხის აღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები