"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრი გივი მიქანაძე განმარტავს უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით დაფინანსების ახალი მოდელის მუშაობის პრინციპს და ამბობს, რომ მომავალი წლიდან უნივერსიტეტებში პირველკურსელებისთვის საგრანტო დაფინანსება აღარ იმოქმედებს.
როგორც მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, "ფაქტობრივად უფასო ხდება სწავლა, ვინც ჩააბარებს მათთვის" და ამიტომ, იმ სტუდენტებისთვის, ვინც 2026 წელს ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში, საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება.
რაც შეეხება იმ სტუდენტნებს, ვინც უკვე გრანტით სწავლობენ, მინისტრის თქმით, მათთვის არაფერი შეიცვლება.
"მეორე კურსიდან და ის მიმდინარე რაც არის, ჩვეულებრივად დარჩება საგრანტო დაფინანსებაზე, ოღონდ მილევად რეჟიმში, რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს, რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება, როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც. ამიტომ, კონკურენციაც რა თქმა უნდა, მატულობს. მოცემულობა არის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც ხელფასების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ. ახლა, შემდეგი 3-4 წელიწადი გარდამავალი პერიოდი გვაქვს. ის კომპონენტი, რაც საგრანტო დაფინანსებას ეხება, შემდეგი წლიდანვე ამოქმედდება. ამიტომ, საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან მიმართებით აღარ იმოქმედებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მათთან მიმართებაში იქნება შესაბამისი თანხები უნივერსიტეტებისთვის გადახდილი, ან თუ რაღაც კონკრეტულ მიმართულებებზე დამატებითი საჭიროება წარმოიშობა, კერძოებთან მიმართებაშიც... შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირებას, რადგან რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.




























