მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემიძლია ვივარაუდო, რომ ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს - დანიგანი

დანიგანი

"რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს. მისივე თქმით, ივანიშვილი მასთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზად სანქციებს ასახელებდა. გასული წლის ბოლოს, ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

"არ მინდა სპეკულაცია „ქართული ოცნების“ მოტივებზე, მაგრამ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ შეკითხვა - ბოლო ერთი წლის, წელიწად-ნახევრის განმავლობაში რა მიზნით გადადგეს მათ ნაბიჯების მთელი წყება, რამაც ასე გაართულა მათი ურთიერთობები უდიდეს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან?

მთავრობა ბევრს ლაპარაკობს, მაგალითად, სუვერენიტეტზე. ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ ვართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაეროს ყოველწლიური რეზოლუციის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ, ფაქტობრივად, ხმების მოპოვებაში ვეხმარებით საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ და ევროპელები ვართ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) ძლიერი მხარდამჭერები, ყოველ რაუნდზე, მას შემდეგ რაც GID დაიწყო. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყნის აღდგენას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ჩვენ ხელი შევუწყვეთ სანდო შეკავების ძალის შექმნას საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვაში. ეს არის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და მაინც, „ქართული ოცნება“ ყოველდღე საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არაფერს ნიშნავს და ელოდება, თუ რას გავაკეთებთ ჩვენი პარტნიორობის სწორ გზაზე დასაყენებლად. და აგრძელებს უარყოფითი რაღაცების თქმას შეერთებულ შტატებსა და ზოგადად დასავლეთზე, რითაც კიდევ უფრო მეტად ახდენს აშშ-სგან იზოლაციას. რატომ? - ნამდვილად რთულია ეს გაიგო.

არ უნდა მივმართავდე სპეკულაციას, მაგრამ ვინაიდან მან ეს თავად თქვა, შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. და მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა. ტრამპის ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ მე მას შევხვედროდი და გადამეცა წერილი. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომ გვემსჯელა როგორ დაგვებრუნებინა ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზე და მან უარი განაცხადა. ამ უარის მის მიერ გამოცხადებული მიზეზი იყო ის, რომ ის სანქცირებულია. მე მგონია, რომ, თუკი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს არ სურს შეხვდეს აშშ-ის ხელმძღვანელობას ან მიიღოს გზავნილი ტრამპისგან, ის ფაქტობრივად თავის პირად ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა", - ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები