რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, შემოდგომიდან რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ახალი ავტობუსები იმოძრავებს. მისი თქმით, ახალი ავტობუსების შეძენა რუსთავის ბიუჯეტის 20 მლნ ლარით გაზრდამ გახადა შესაძლებელი.
“რუსთავის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით იზრდება, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გადავჭრათ ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ეხება რუსთავი-თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენას. ვაცხადებთ ტენდერს, რომლის შემდეგაც გვექნება შესაძლებლობა, რომ ათასობით რუსთაველს გაუმჯობესებული სატრანსპორტო სერვისი შევთავაზოთ. ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით თბილისის მერიასთან, რისთვის მინდა, მათ მადლობა ვუთხრა. უკვე შემოდგომიდან იმოძრავებს თანამედროვე სტანდარტის მქონე, შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მისივე თქმით, საუბარია დაახლოებით 60 ერთეულ ახალ ავტობუსზე. რაც შეეხება მარშრუტებს, ჯერ დაზუსტებული არ არის და როგორც რუსთავის მერი აცხადებს, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თბილისის მერიასა და საკრებულოსთან.
როგორც რუსთავის მერიაში, bm.ge-ის განუცხადეს, ტენდერი ოფიციალურად დღეს შესყიდვების ვებგვერდზე გამოცხადება. მას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია გამოაცხადებს.