მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახური "ბათუმელების" საგადასახადო დავალიანებაზე განცხადებას ავრცელებს

ბათუმელები

შემოსავლების სამსახური "ბათუმელების" საგადასახადო დავალიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ მედიაპლატფორმას 282 191 ლარის საგადასახადო დავალიანება უფიქსირდება და ანგარიშებზე ყადაღის დადება ავტომატურ რეჟიმში ხდება, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, ყადაღა მოიხსნას.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, შპს "ბათუმელები" აცხადებს, რომ მათსა და შემოსავლების სამსახურს შორის კომუნიკაცია მანამდე შედგა და როგორც ინკასოს დადებამდე, ისე მის შემდეგ, სამსახურმა ვალის გრაფიკის გაწერაზე უარი თქვა. მათ შორის, ბოლო უარი შპს „ბათუმელებმა“ მიიღო გუშინ, 21 ივლისს.

შემოსავლების სამსახურის განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - "ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით.

ასევე განვმარტავთ, რომ საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.

შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება",- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო 17 ივლისს დაედო. „ბათუმელების" განცხადებით, პირველ ივლისს შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ვალი 5 დღეში უნდა გადაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ. მედიაორგანიზაციაში ამბობენ, რომ ინკასოს მუქარის შემდეგ, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და ითხოვეს ვალის გადასახდელად შეეთავაზებინათ გრაფიკი, რაზედაც უარი მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები