მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის ბრალი წარედგინა

ვლადიმერ ხუნდაძე
31.10.25 15:13
1961

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

საქმე გორში, ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ფაქტს ეხება. უწყების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან (გორის საკრებულოს წევრი), რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

პროკურატურის განცხადებით, ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.

ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.

"შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, ბორის გოგიჩაიშვილმა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.

გარდა აღნიშნულისა, ვლადიმერ ხუნდაძისთვის ზუსტად იყო ცნობილი თუ რა დანაშაულის ჩადენა ხორციელდებოდა ბორის გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. თუმცა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ.

ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს გამოძიებამ ქ.გორში სპეციალურ მოწყობილ ფართში აღმოაჩინა სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 000-ზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, რომელთა ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება. დასახელებულ ფაქტზე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ უკვე დაიწყო",- აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, 22 ოქტომბერს პროკურატურის მიერ ჩატარებული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ დააკავეს კობა ხუნდაძე, რომელიც ვლადიმერ ხუნდაძის ძმაა. ის პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებულ პირად წარადგინა. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები