მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურმა მე-17 აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს უმასპინძლა

აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმ

მიმდინარე წლის 10-11 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის (ITIC) ერთობლივი ინიციატივით, თბილისში რიგით მე-17 აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის (ITIC) პრეზიდენტმა, დენიელ ვიტმა. ორი დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკის, მონაცემთა გაციფრულების, ინვესტიციებისა და რეგიონული/საერთაშორისო გამოწვევების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„როგორც შემოსავლების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ახლა კი ფინანსთა მინისტრს, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად მესმის საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას შორის სინერგიის მნიშვნელობა. ეს ფორუმი გთავაზობთ კარგ შესაძლებლობას, გავაღრმაოთ ეს თანამშრომლობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოსავლების მობილიზაცია და საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმები. ჩვენი მომავალი მიდგომის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა ქვეყნის პირველი შემოსავლების საშუალოვადიანი სტრატეგია (2025–2030 წწ.). გარდა ამისა, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა განაახლა და გამოაქვეყნა სტრატეგია 2025-2030 წლებისთვის, რომელიც განაგრძობს რეფორმების სულისკვეთებას, რომელიც ახასიათებს ჩვენს საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შეხვედრას, რომელიც დიალოგის ფორმატში მიმდინარეობდა, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები: პაატა კილაძე, ვლადიმერ ხუნდაძე, ირაკლი შარტავა, ლევან წითელაშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები. 2025 წლის „აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს“ ჯამში 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრი (ITIC) 1993 წელს დაარსდა და ყოველწლიურ ფორუმებს 2005 წლიდან ატარებს. აღნიშნული ფორუმის მიზანია მონაწილეებს შორის, საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ დიალოგის გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები