მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური: 300-ლარიან დახმარების მისაღებად უკვე 83 173-მა მოქალაქე დარეგისტრირდა

5fe0b7323e1e1
ინგა მურუსიძე
21.12.20 19:19
906
დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, ერთჯერად, 300-ლარიან დახმარებაზე მომხმარებელთა მიერ უკვე 83 173 განაცხადი დარეგისტრირდა.

"ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე.

კერძოდ, პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას.

პირველადი ელექტრონული განცხადების წარდგენა 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან  https://eservices.rs.ge. ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

დეტალური ვიდეო ინსტრუქცია ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.youtube.com/watch?v=35UNvIsT_oQ&ab_channel=RevenueService