თუკი ადაპტირებული ვაქცინა შეიქმნება, მას საქართველო მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა. გაბუნიას ამ თემაზე განმარტების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ თქვა რომ "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში მარტში შემოვიდოდა.
„იცით, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებით „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც კონკრეტულად „ომიკრონის“ შტამზე მუშაობს“, - თქვა გუშინ მინისტრმა.
თავის მხრივ, მისი პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია დღეს ამბობს, რომ ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა არც ზუსტი თარიღებია ცნობილი და მოლაპარაკებები არც „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინას ეხება.
„ვაქცინებთან დაკავშირებით ვმუშაობთ. კომუნიკაცია მიმდინარეობს „ფაიზერთან“ განახლებულ ხელშეკრულებაზე. ვაქცინების მოწოდება განახლდება უკვე პირველი კვარტლის ბოლოდან, თუმცა ჩვენ ასევე გვაქვს მოლოდინი ადაპტირებული ვაქცინის. თუკი ჩაითვალა საჭიროდ, რომ ასეთი უნდა დამზადდეს, ეს პირობაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში, რომ საქართველომ მიიღოს ადაპტირებული ვაქცინა. ზუსტი ვადების თქმა არ შემიძლია, რადგან ეს არის დამოკიდებული რამდენიმე პირობაზე.
აქტიური კომუნიკაცია ისმის „ფაიზერისგან“, რომ ადაპტირებულ ვაქცინაციაზე იმუშავებენ. თუმცა ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ადაპტირებული ვაქცინის შექმნა აღარ არის საჭირო და ბუსტერ-დოზა მოქმედებს ეფექტიანად. ეს დამოკიდებულია მწარმოებელზე და როგორც კი გვექნება ინფორმაცია, დამატებით გაცნობებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილემ აქვე გააკეთა განცხადება კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერჯერობით ხელშეკრულების დეტალებზე ვერ ისაუბრებს. გაბუნიას განმარტებით, საუბარია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ „პაქსლოვიდზე“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, მინისტრის განცხადება კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და იქ ითქვა, რომ ქვეყანა ელოდება ანტივირუსულ ახალ წამალს, რომელსაც 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან.
„ფაიზერი“ და „მოდერნა“ მუშაობენ ომიკრონის საწინააღმდეგო შტამის ვაქცინაზე, ორივეს კვლევები ბოლო ეტაპზეა. დაანონსებული იყო, რომ მარტში ეს კვლევები უნდა დასრულებულიყო. თუმცა „ფაიზერის“ ბოლო განცხადებებიდან ჩანს, რომ ბუსტერ-დოზა საკმაოდ კარგად იცავს, ამაზე უკვე მსჯელობა მიმდინარეობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.




























