მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირებული სამუშაო საათების შემთხვევაში ახალი კადრების მოზიდვა გახდება საჭირო, რაც პროექტებს გააძვირებს - შიო ხეცურიანი

მუშაო

BAG-მ ინვესტორთა საბჭოზე 48-საათიანი სამუშაო კვირის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა, ბიზნესი ამბობს, რომ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმების მქონე დარგებიდან მშენებლობის, რიტეილისა და ჰორეკას ამოღების შემდეგ, სექტორებში მუშახელის დეფიციტის პრობლემა, დროთა განმავლობაში სულ უფრო მძაფრდება. ამ მიმართულებით პრობლემებია სამშენებლო დეველოპერულ ბიზნესშიც. კომპანია "არქის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რეგულაციამ ბიზნესს ხარჯი მნიშვნელოვნად გაუზარდა, რაც საბოლოო პროდუქტს აძვირებს.

“სამშენებლო კომპანიებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ თუ დასაქმებულებმა 40 საათი უნდა იმუშაონ კვირაში, ეს ართულებს პროცესს, რადგან ხშირად დღის განმავლობაში 8 საათი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაასრულონ ის პროცესები, რაც იმ დღისთვის ან კვირის ჭრილში არის განკუთვნილი. აქედან გამომდინარე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სამშენებლო კომპანიების ინიციატივით, წამოწეული იყო ეს საკითხი და იმედი გვაქვს, მათი ინტერესი გათვალისწინებული იქნება.

ქვეყანაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, თვალსაჩინოა კადრების დეფიციტი. რა თქმა უნდა, შემცირებული სამუშაო საათების გრაფიკის შემთხვევაში საჭირო გახდება ახალი კადრების მოზიდვა, ეს კი თავისთავად გააძვირებს ინფრასტრუქტურულ პროექტს და გარკვეულ შეფერხებას შეუქმნის,”- ამბობს კომპანია “არქის” გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა. ცვლილებებამდე ამ დარგებში კვირაში 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი დაშვებული იყო. დარგების ჩამონათვალის შემცირება კი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცნენ და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა მიიღონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები