როგორც გასული წლის ბოლოს გახდა ცნობილი, ქართული დეველოპერული კომპანია “არქი” საქართველოს საზღვრებს გასცდა და პირველი პროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. “არქი მაიამი” - ასე ჰქვია მულტიფუნქციურ პროექტს, რომელსაც “არქი” ფლორიდის დედაქალაქ მაიამისთან ახლოს, პომპანოს სანაპიროზე ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Elit Group-თან თანამშრომლობით აშენებს.
როგორც “არქის” გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, ამ ეტაპზე, კომპანია სამშენებლო ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთების მოგროვებას ასრულებს, რის შემდეგაც მშენებლობას დაიწყებს. თავად კომპლექსი მშენებლობის დასრულებიდან ორნახევარ წელიწადში დასრულდება, მაგრამ “არქის” ქართული პროექტებისგან განსხვავებით, პირველ ამერიკულ პროექტში არსებული ბინები არ გაიყიდება, არამედ - გაქირავდება.
“ფაქტობრივად ყველა ის საბუთი, რაც სამშენებლო ნებართვის მისაღებად არის საჭირო, დასრულებულია, ხოლო ნებართვის მიღებას უახლოეს მომავალში ველოდებით. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის პროცესი, რაც მშენებლობის დასაწყებად არის საჭირო, ფაქტობრივად ბოლომდე არის მიყვანილი. შესაბამისად, მშენებლობასაც მალე დავიწყებთ. ეს კომპლექსი, რომელიც 98 ბინას აერთიანებს, გამორჩეული იქნება, როგორც გეოგრაფიულად, ასევე მართვის მხრივაც და ექნება ყველა ის სიკეთე, რაც ამერიკელ მომხმარებლებს დასჭირდებათ.
“არქი მაიამის” დასრულებას ორი-ორნახევარი წელიწადი დასჭირდება. ეს პროექტი განსხვავებულია, რადგან მასში ქართული და ამერიკული კომპანიები მონაწილეობენ, ხოლო არქიტექტურაც - ამერიკულ კომპანიას ეკუთვნის. პროექტის დასრულების შემდეგ “არქი” პროექტის მმართველად დარჩება - ბინები არ გაიყიდება, რადგან მოდელი განსხვავებულია. დასრულების შემდეგ, ეს ბინები გაქირავდება, რაც “არქისთვის” ახალი და განსხვავებული კონცეფციაა. ეს ინვესტორების და დამფუძნებლების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში დეველოპერული ბიზნესის ეს ფორმა, შეიძლება ითქვას, ყველაზე პოპულარულია”, - განაცხადა “არქის” გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა “საქმიან საღამოში”.