საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე კონკრეტული სექტორების მიხედვით არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი თქმით, სექტორების უმეტესობაში ზრდა ფიქსირდება, ხოლო კლება არის მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.
გოგიტა თოდრაძის განმარტებით, სამშენებლო სექტორის ბრუნვის შემცირება, წელს, ძირითადად ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოცულობის შემცირებას უკავშირდება.
"ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, ერთ-ერთი მშენებლობის სექტორია. ამ შემთხვევაში შემცირება ძირითადად მოდის სამოქალაქო მშენებლობაზე, შემცირებულია გზების, ავტობანების, ხიდების მშენებლობის მაჩვენებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 33%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ცემენტის და კლინკერის იმპორტი, დაახლოებით 34%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი. ასევე, ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ მშენებლობაზე გაცემული ნებართვების და მშენებლობით დასრულებული ობიექტების შესახებ სტატისტიკა, სადაც ცხრა თვის მონაცემებით, გარკვეულწილად შემცირების ტენდენცია ვლინდება, დაახლოებით 2,8%-ით არის შემცირებული გაცემული ნებართვების რაოდენობა და დაახლოებით 5,6%-ით არის შემცირებული ექსპლოატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა.
ასევე შემცირება გამოვლინდა ენერგეტიკის სექტორში, როგორც გითხარით და კლება ძირითადად დაკავშირებული იყო თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის შემცირებასთან," - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
რაც შეეხება ზრდას, გოგიტა თოდრაძის თქმით, ის შემდეგ სექტორებში ფიქსირდება:
"დარგობრივ ჭრილში, გადამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, გაიზარდა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებლები. გაიზარდა ასევე კვების მრეწველობაში გარკვეული სასაქონლო ჯგუფების წარმოების მოცულობა, აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 34%-ით არის გაზრდილი ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი, დაახლოებით 2,4-ჯერ არის გაზრდილი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად იტალიის და თურქეთის მიმართულებით.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა გაზრდილი ასევე სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებლებიც, ძირითადად სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.
გარდა ამისა, პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდა საერთაშორისო ტურიზმის სტატისტიკაში. დაახლოებით 6,8%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 9%-ით გაიზარდა ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ტრადიციულად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, IT სექტორში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.
პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო სარეკლამო სააგენტოების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე გაზრდილია იურიდიული, სააღრიცხვო საქმიანობების, ბიზნესის და მართვის საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობების მომსახურების მაჩვენებელი,"- აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.




























