მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“შენობა ექსპლუატაციაში დაჩქარებული სერვისით რომ მივიღოთ, პასუხი 1 თვის შემდეგ არ უნდა მოდიოდეს” - არსი

მშენებლობა

"არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ დეველოპერები შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად დაჩქარებული სერვისით ადმინისტრაციული რესურსის ნაკლებობის გამო ვერ სარგებლობდნენ.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებულ ცვლილებების შეფასებისას მან "საქმის კურსს" განუცხადა, რომ აღნიშნულ დაჩქარებულ სერვისზე მოთხოვნა იქნება, თუ დადგენილ ვადებს დაიცავენ.

ახალი კანონპროექტით იზრდება შენობის ექსპლუატაციაში მიღების დაჩქარებული მომსახურების ღირებულება. სერვისის მიმღებს 4500 ლარიდან 40 000 ლარამდე ხარჯი ექნება. მოსაკრებლის ზუსტ მოცულობას მუნიციპალიტეტი დაადგენს. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მზარდი მომართვიანობა შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესის გამკაცრებამ განაპირობა, რასაც ადმინისტრაციული რესურსი არ ყოფნის.

დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი "საქმის კურსთან" ამბობს, რომ სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ეს მოთხოვნა დეველოპერებს ჰქონდათ. ორთოიძე აცხადებს, რომ შენობების ექსპლუატაციაში მიღების განაცხადების საკითხზე პასუხი კომპანიის მიერ მოთხოვილ ვადებში უნდა მოხდეს.

“თავიდანვე დეველოპერების მხარე ითხოვდა, რომ თუ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ამოქმედდებოდა, რომელიც ეხებოდა ექსპლუატაციაში მიღებამდე ელექტროენერგიის და გაზის შეზღუდვას, მაშინ მუნიციპალიტეტი მზად უნდა ყოფილიყო, რომ სწრაფად მიეღო ექსპლუატაციაში შენობები. ანუ ექსპლუატაციაში მიღება თუ ყველაფერი გამართული იქნებოდა მიმართვიდან რამდენიმე დღის ვადაში უნდა მომხდარიყო.

პრაქტიკამ გვიჩვენა ის, რომ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნა ძირითად შემთხვევაში დეველოპერების მხრიდან ხდება, თუმცა ამაზე მუნიციპალიტეტში უარს ვიღებდით. ამბობდნენ, რომ უბრალოდ ფიზიკურად რესურსი არ ჰყოფნიდათ.

მას შემდეგ, რაც ექსპლუატაციის მიღების წესი გამკაცრდა და ამ შემთხვევაში დეველოპერების მხრიდან შენობების ექსპლუატაციაში მიღების პროცესის დაჩქარებაზე უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა, განაცხადების რაოდენობა გაიზარდა. ამას მუნიციპალიტეტი ვერ აუდიოდა და ჩემი აზრით, ახლა ეს კანონპროექტი სწორედ მაგას ემსახურება.

რაც შეეხება დაანგარიშების წესს, ალბათ ეგ წესი უცვლელი დარჩება, თანხის მოცულობა დღესაც როგორც მოცულობაზე, ასევე ვადაზეა დამოკიდებული. უბრალოდ მანდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაჩქარებული მომსახურება შენობების ექსპლუატაციაში სწრაფად მიღებას ნიშნავს, ანუ მე რომ მივმართავ დაჩქარებულ სერვისზე, რომ 5 დღეში მინდა სახლის ექსპლუატაციაში მიღება, პასუხი ერთი თვის შემდეგ არ უნდა მომივიდეს. არამედ პასუხი განაცხადის შეტანიდან ალბათ მეორე დღესვე უნდა იყოს, იღებენ თუ არა იმ განაცხადს. ან თუ ასე იცვლება წესი, მაშინ სავალდებულო უნდა იყოს რა ვადასაც მოითხოვ, იმ ვადაში მოხდეს განაცხადის განხილვა”, - ამბობს "არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები