მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შენობების უსაფრთხოების გაძლიერებისთვის რეგულაციები საჭიროა – “ბაუმერი“

ყირიმლიშვილი

„ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში რეგულაციებზე საუბარი ბიზნესის ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ უნდა განიხილებოდეს - ეს არის აუცილებელი წინაპირობა პასუხისმგებლობიანი განვითარებისათვის“ – საცხოვრებელი და საოფისე შენობების უსაფრთხოების საკითხზე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საინჟინრო სისტემების კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

საქმე ის არის, რომ თბილისის მერიის ცნობით, კომპანიები შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ქირაობენ და დროებით, შემოწმებისას დადებითი შეფასებისთვის ამონტაჟებენ. აქედან გამომდინარე მუნიციპალურმა ინსპექციამ ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობების შერჩევითი შემოწმება დაიწყო. პირველადი დაკვირვებით საუბარია ექსპლუატაციაში მიღებული შენობების დაახლოებით 10%-ზე. დედაქალაქის მერია ამხანაგობებისთვის სავალდებულო პერიოდული ინსპექტირების ვალდებულების შემოღებაზეც მუშაობს.

საინჟინრო სისტემების პროექტირების და ინსტალაციისა, სერვისის მიმწოდებელი კომპანია "ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგში", რომელიც ბაზარზე "ბაუმერის" ბრენდით ოპერირებს, სამშენებლო და საინჟინრო პროცესების უფრო მკაფიო, ერთგვაროვანი და ეფექტიანი რეგულირების საჭიროებაზე საუბრობენ, რაც პროექტირების ეტაპიდან იწყება და ექსპლუატაციამდე გრძელდება.

კომპანიის დამფუძნებელი ლევან ყირიმელაშვილი ამბობს, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, სამუშაო და საცხოვრებელ სივრცეებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის როლის გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია.

„ზოგადად გავრცელებული აზრი, თითქოს ბიზნესს რეგულაციები არ უყვარს, ამ შემთხვევაში არ არის მართებული, რადგან აქ საუბარია ადამიანების უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, ეს საკითხი სიღრმისეულ და საფუძვლიან განხილვას საჭიროებს, იმ დონემდე ჩასვლას, რაც რეალურად სფეროს შიგნით კარგად არის ცნობილი და აუცილებლად საჯარო განხილვის ნაწილი უნდა გახდეს.

სასიხარულოა მერიის ინიციატივა, რომელიც უკვე ექსპლუატაციაში მიღებული შენობების გადამოწმებას გულისხმობს. ეს შეიძლება სისტემური რეგულაციის ერთ-ერთი საწყისი ნაბიჯი გახდეს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დაიწყოს უფრო ადრეულ ეტაპზე - პროექტირების დროს, რადგან სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანას არ აქვს საკუთარი, ერთიანი სამშენებლო ნორმები და სტანდარტები - გამოყენებაშია 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტი. არსებული რეგულაციები ნაწილობრივ პასუხობს საერთაშორისო პრაქტიკას, თუმცა ხშირად არის ორაზროვანი, ბუნდოვანი და ზოგ შემთხვევაში რამდენიმე განსხვავებული გადაწყვეტის საშუალებასაც იძლევა. სწორედ აქ არის საჭირო მეტი დაკონკრეტება, რათა თავიდან ავიცილოთ არასწორი ინტერპრეტაციები და უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი შესრულება.

პრობლემები ხშირად პროექტირების ეტაპზე იწყება, თუმცა შემდგომ უკვე დიდი პასუხისმგებლობა დამკვეთს და ასევე შემსრულებელს ეკისრება. სხვადასხვა ტიპის შენობა განსხვავებულ საინჟინრო გადაწყვეტებს საჭიროებს: საწარმოო სისტემები სრულიად განსხვავდება საყოფაცხოვრებო ინჟინერიისგან. შესაბამისად, სტანდარტების მიხედვით არსებობს როგორც სერტიფიცირებული, ისე არასერტიფიცირებული პროდუქტები და ამ არჩევანში გარკვეული თავისუფლებაა. სამწუხაროდ, ეს თავისუფლება ზოგჯერ არაკეთილსინდისიერადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. მაგალითად, ნაწილობრივ სერტიფიცირებული სისტემების გამოყენებით ან საერთოდ მათი იგნორირებით. თუმცა მაღალი პასუხისმგებლობის პირობებში შესაძლებელია, რომ შემსრულებელმა თავად აიღოს ეს ვალდებულება და გამოიყენოს მაღალი სტანდარტის სისტემები მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს პირდაპირ მოთხოვნილი პროექტში.

ამიტომ მნიშვნელოვანია, დამკვეთებმა სწორად დაკვეთა ისწავლონ, ხოლო შემსრულებლებმა გამოიჩინონ მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ შესრულების უმაღლესი ხარისხი. ასევე აუცილებელია შესრულებული სამუშაოს სწორად მიღება და კონტროლი. საბოლოოდ, ამ ყველაფრის საფუძველი არის ცნობიერების ამაღლება - სწორად დაკვეთა, სწორად შესრულება და სწორად ჩაბარება“, - განაცხადა „ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ლევან ყირიმლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები