მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას... ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის - საპატრიარქოს განცხადება

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს, რომ აქცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საპატრიარქო დემონსტრანტებს სთხოვს, დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები, ხოლო სამართალდამცავებს - გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს.

"დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს.

შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას.

ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის; ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის. ამასთან, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზრდებს, საერთოდ დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე ვთხოვთ სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს; აუცილებელია, სახელმწიფომ მოახდინოს საზოგადოების სწრაფი ინფორმირებულობა დარღვევებისა და გამოძიების შესახებ.

რაოდენ დიდი ფასეულობისთვისაც არ უნდა ვიღწვოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი და ყველაზე დიდი ღირსების მატარებელი ქმნილება ამ სამყაროში.

შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას თავისი წილხვედრი საქართველო მშვიდობით",- წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები