PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, დასავლეთისგან იზოლაციის და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, იზრდება რისკი, რომ საპენსიო დანაზოგებით სხვადასხვა სახელმწიფო, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდეს.
როგორც გიორგი ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, იმ პირობებში, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოს მიმართ დაფინანსებას გადახედონ, მზარდია იმის საფრთხე, რომ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, საპენსიო ფონდის თანხები რომელიმე სახელმწიფო პროექტის დასაფინანსებლად მიემართოს.
„ქვეყანა სერიოზულ ჩიხში შედის, მთავრობის მხრიდან კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლის და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვების ფონზე, ეკონომიკური კრიზისი სავარაუდო სცენარია. შესაძლოა, იმ რეალობის წინაშე დავდგეთ, რომ ჩვენი საპენსიო დანაზოგები ნაცვლად იმისა, რომ დაბანდებულიყო შედარებით უსაფრთხო აქტივებში, ახლა ამ თანხებით სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების დაფინანსება მოხდეს. ამის მიზეზი უპირველესად ისაა, რომ მაღალი რისკია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, რომლებიც აქამდე საქართველოში აქტიურად აფინანსებდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ მიმართულებას გადახედონ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კაპიტალი გაძვირდეს და ზოგადად გართულდეს ქვეყანაში ახალი კაპიტალის შემოსვლა. შესაბამისად, მაღალი რისკია, რომ ჩვენი საპენსიო დანაზოგებით სხვადასხვა სახელმწიფო პროექტების დაფინანსება მოხდეს“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც იზრდება ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს და ეს შესაძლებლობა კონსერვატიული ანუ დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც ჩნდება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, საპენსიო დანაზოგებით მსხვილი პროექტების დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მასში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები იქნებიან ჩართულები. ამასთან, მსგავსი პროექტები მხოლოდ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით უნდა დაფინანსდეს.