მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლებელია თუ არა, ჩამოგვერთვას EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი? - კახა გოგოლაშვილის განმარტება

კახა გოგოლაშვილი

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება ევროკავშირის მკაფიო შეშფოთების მიუხედავად, მაინც მიიღებს უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს, მაშინ ევროკავშირს საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შეეძლება.

კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ 2020 წლიდან ევროკავშირში გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია მოქმედებს, რაც კანდიდატი ქვეყნების წახალისებასთან ერთად, იმ რეფორმებთან და კრიტიკულ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც გაწევრიანების პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი და რომელშიც ქვეყნებს მკაფიო უკუსვლა აქვთ, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

კახა გოგოლაშვილის განმარტებით, აღნიშნული ასახულია გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის კომუნიკეში, რომელიც ბალკანეთის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკას შეეხება.

“შესაძლებელია თუ არა, რომ ჩამოგვერთვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი? - დიახ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ასეთ შესაძლებლობას იძლევა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ახალი მეთოდოლოგია, რომელიც 2020 წელს დამტკიცებულ ევროკომისიის კომუნიკაციაში აისახა. კერძოდ, კომუნიკაცია ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესს ეხება და დეტალურად აღწერს როგორც რეფორმებში დაწინაურებული ქვეყნების წახალისებას (დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, ან სხვა სახის შესაძლებლობები) ასევე, იმ ქვეყნების "დასჯას" რომლებიც სისტემურ უკუსვლას განიცდიან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების საქმეში. როგორ შეიძლება "დაისაჯოს" ქვეყანა? კომუნიკაცია პირდაპირ სთავაზობს, რომ უბრალო უმრავლესობით კენჭისყრის საფუძველზე ასეთ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები - შეუმცირდეს დახმარება, შეჩერდეს მასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ან მძიმე შემთხვევაში სრულიად გაუქმდეს ის. ამ დრომდე მოლაპარაკებების გაუქმების პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. მაგალითად, თურქეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია 2015 წლიდან, მაგრამ არა გაუქმებული. ევროკომისიის აღნიშნული კომუნიკაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

აღნიშნული ცვლილება უდავოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული ასევე კანდიდატის სტატუსის "გაუქმების" მიზნითაც. თუმცა ეს არ არის დაკონკრეტებული კომუნიკაციაში, მაგრამ მხოლოდ ჩანაწერის ინტერპრეტაციის საკითხია და ისეთი ნორმის არ არსებობის პირობებში, რომელიც კანდიდატის სტატუსის გაწვევას აკრძალავდა, პოლიტიკური ნება ყველაფერს გადაწყვეტს. თუ "რევერსის" შესაძლებლობა დაშვებულია უფრო მაღალი სტატუსის (მოლაპარაკებების) მიმართ, მიდგომა შესაძლოა გავრცელდეს უფრო დაბალი სტატუსის მიმართაც. მართალია ეს უკიდურესი ზომაა, მაგრამ არ ღირს ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა. საქართველო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიეცა გარკვეული პირობებით (9 ნაბიჯი), ამ პირობების შეუსრულებლობისა და რეფორმების უკუსვლის შემთხვევაში, შესაძლოა გახდეს ევროკავშირის მხრიდან უპრეცედენტო გადაწყვეტილების პირველი მსხვერპლი, კერძოდ კი ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი.

ვიმეორებ, რომ ეს თეორიული შესაძლებლობაა, მაგრამ შედეგი სრულად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენენ ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. საჭიროა ასევე ვიცოდეთ, რომ ასეთი "რევერსისთვის" გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 14 წევრის მიერ მხარდაჭერა, ანუ უბრალო უმრავლესობა,”- წერს კახა გოგოლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები