მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლებელია თუ არა, დღგ-ს ბრუნვა იზრდებოდეს, ხოლო ბიუჯეტში დღგ-ს შემოსავალი მცირდებოდეს - მიხეილ კუკავას ანალიზი

მიხეილ კუკავა

კომპანია "სტემსქეილის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა ეხმაურება 2025 წლის იანვარში საქართველოში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვის 14.7%-ით გაზრდის შესახებ გამოქვეყნებულ სტატისტიკას. როგორც ცნობილია იანვარში ბიუჯეტის შემოსავალი დამატებული ღირებულების გადასახადიდან შემცირდა 0.9%-ით და მან 806 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის თანახმად იანვარში 14.7%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელი კომპანიების, ანუ კერძო სექტორის ბრუნვა და ის 12.2 მილიარდ ლარს შეადგენდა.

მიხეილ კუკავა აფასებს რამდენად თავსებადი ან არათავსებადი შეიძლება იყოს ერთმანეთთან ეს მონაცემები. კუკავა აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ფაქტორი რომლებსაც ბიუჯეტში დღგ-ს მოცულობის შემცირებაზე მოეხდინა გავლენა, შეიძლება იყოს გარემოება, რომ კერძო სექტორის ბრუნვის ზრდა იანვარში შესაძლოა დაკავშირებული იყო ისეთ სექტორებთან რომლებიც დღგ-ს შეღავათებით სარგებლობენ, ასევე ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ იანვარში მნიშვნელოვანი მოცულობით დღგ-ს უკან დაბრუნების ოპერაციები.

"2025 წლის იანვარში 2024 წლის იანვართან შედარებით დღგ-დან შემოსავლები შემცირდა 1%-ით, მაშინ როცა დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 14.7%-ით.

ყველა შესაძლო მიზეზზე ვფიქრობდი და ჩამოვწერე. პრაქტიკულად ამ მიზეზებიდან რომელმა გამოიწვია დღგ-დან შემოსავლების კლება ან ბრუნვის ზრდა ვერ ვიტყვით.

1. თანხის დაბრუნების დამუშავების დაჩქარებას, რამაც მოკლევადიანი კლება გამოიწვია შემოსავალში (თეორიულად შესაძლებელია);
2. შეუსაბამობას: იმ თვეს შორის, როცა დაბეგვრა ხდება, და იმ თვეს შორის, როცა გადასახადის გადახდა ხდება. თუ მეტი გადასახადი გადავიდა თებერვალში (ან მოგვიანებით), იანვრის დღგ-ს შემოსავალი შემცირდებოდა.
შემოსავლების შემცირება ბრუნვის ზრდის მიუხედავად შეიძლება გამოეწვია:

1. ექსპორტის ზრდის ხარჯზე გაზრდილი ბრუნვა (ექსპორტი გაზრდილია იანვარში).
2. მაღალ საინვესტიციო დანახარჯებს: თუ კომპანიებმა 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში განახორციელეს ინვესტიცია კაპიტალურ აღჭურვილობაში ან გააკეთეს დღგ-დასაბეგრი მეტი შესყიდვა (ადგილობრივი თუ იმპორტირებული), შეეძლოთ 2025 წლის იანვარში მოეთხოვათ შედარებით ძვირიანი შესყიდვების დღგ-ს კრედიტი ან დაბრუნება. ამის გამო, წმინდა დღგ-ის გადასახადები შეიძლება შემცირებულიყო, მიუხედავად გაზრდილი ბრუნვისა (ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ).
3. გაზრდილი გაყიდვების მოცულობა შეიძლება მოდიოდეს იმ სექტორებიდან/პროდუქტებიდან, რაც გათავისუფლებულია დღგ-სგან,"- აღნიშნავს მიხეილ კუკავა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლის გამოთვლაზე მნიშვნელოვანი გავლენა სწორედ დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვის წლიური ზრდის მაჩვენებელს ჰქონდა, რაც იანვარში 14.7%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები