გერმანიამ კვალიფიციური კადრების მისაზიდად უცხოელებისთვის ახალი სამუშაო ვიზა შექმნა. “შესაძლებლობის ბარათით” გერმანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში, სამსახურის მოძების მიზნით, 1 წლის ვადით დარჩენის უფლებას აძლევს.
Chancenkarte-ს, ანუ “შესაძლებლობის ბარათის” იდეა გერმანიაში ჯერ კიდევ 2022 წელს გაჩნდა და მისი მიზანი უცხოელებისთვის გერმანიაში დასაქმების პროცესის გამარტივება იყო. პროგრამა დღეს, 1 ივნისს ამოქმედდა.
“შესაძლებლობის ბარათი” ერთგვარი ვიზა ან სამუშაო ნებართვაა, რომელიც ევროკავშირის არარეზიდენტებს გერმანიაში 1 წლის ვადით დარჩენის საშუალებას აძლევს - ამ დროის განმავლობაში ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ, დასაქმდნენ ნახევარ განაკვეთზე, კვირაში არაუმეტეს 20 საათისა, ან მიიღონ მოკლევადიანი სამუშაო გამოცდილება 2 კვირის განმავლობაში. სხვადასხვა სამსახურის გამოცდის შემდეგ კი, თუ პროგრამის მონაწილე გერმანიაში სრულგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმებით დაინტერესდება, მას საშუალება ეძლევა, განცხადება რეზიდენტობაზე შეიტანოს, პროცესი კი Chancenkarte-ს წყალობით მარტივდება.
ბარათის მისაღებად აუცილებელია, რომ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობაც გაქვს, გავლილი გქონდეს მინიმუმ ორ წლიანი პროფესიული მომზადება ან უნივერსიტეტის დიპლომი იმ სფეროში, რომელში დასაქმებაც გსურს. აუცილებელია გერმანული ან ინგლისური ენების ცოდნაც. აპლიკანტებმა ასევე უნდა დაამტკიცონ, რომ უკვე აქვთ შესაბამისი ფინანსები, ან გერმანულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი, რითაც ქვეყანაში მათ საცხოვრებელ ხარჯებს დაფარავენ - საუბარია 12 000 ევროზე.
Chancenkarte-ს კანდიდატები, კვალიფიკაციის მიხედვით, ქულებით შეფასდებიან, ბარათის მისაღებად კი მინიმუმ 6 ქულა საჭირო. მაგალითად, გერმანულ ენაში B1 დონის სერტიფიკატი ან ბოლო 5 წელში 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება, კანდიდატს ორ ქულას აძლევს, გერმანული ენის B2 დონის სერტიფიკატი - სამს და ა.შ.
დაინტერესებულ პირებს Chancenkarte-ს მისაღებად დარეგისტრირება მათსავე ქვეყანაში მოქმედ გერმანიის საკონსულოში შეეძლებათ.
ცნობისთვის, გერმანიაში კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესავსებად ყოველწლიურად 400 000 ახალი თანამშრომლის დაქირავება ხდება საჭირო. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ინჟინერიის, IT-სა და ჯანდაცვის სფეროებში.